21/05/2025
18:31

მნიშვნელოვანია, შევქმნათ ალტერნატიული პროცესი, რომელიც უნდა მოიცავდეს სახალხო პლებისციტის თუ სახალხო აზრის დაფიქსირების უზრუნველყოფას, მათ შორის ელექტრონული არჩევნების ფორმების გამოყენებით, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა პაატა ბურჭულაძის მიერ ორგანიზებულ ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
ლევან ბეჟაშვილის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ელექტრონული არჩევნების ჩატარების გამოცდილება აქვს.
„დღევანდელ შეხვედრაზე გაჟღერდა და მნიშვნელოვანია, პოლიტიკურმა პარტიებმა, არასამთავრობოებმა საზოგადოებაში ჩამოვაყალიბოთ აზრი, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ჩვენი მონაწილეობით არ უნდა შევუწყოთ ხელი რეჟიმს, ლეგიტიმაცია მოახდინოს და არჩევნები ჩავატარებინოთ. ამიტომ, მნიშვნელოვანია, შევქმნათ ალტერნატიული პროცესი. ალტერნატიული პროცესი უნდა მოიცავდეს სახალხო პლებისციტის თუ სახალხო აზრის დაფიქსირების უზრუნველყოფას, მათ შორის ელექტრონული არჩევნების ფორმების გამოყენებით. რაც შეეხება ქილიკს, რომ აპლიკაცია არ არის, ესტონეთში არ არის დანერგილი და ასე შემდეგ, მარტო „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს გამოცდილება ელექტრონული არჩევნების ჩატარების, მრავალ ათეულ ათასობით, დაახლოებით 60 000 ადამიანის მიერ, „ბლოკჩეინის“ გამოყენებით. 21-ე საუკუნის საქართველოში უამრავი აპლიკაცია არსებობს, რათა ეს უზრუნველვყოთ, გამოცდილება გვაქვს და არანაირად არ იქნება პრობლემა. მთავარია, პოლიტიკური პარტიები ჩამოვყალიბდეთ და განვსაზღვროთ, ვინ შეუწყობს ხელს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობით ივანიშვილის რეჟიმს ლეგიტიმაციაში ან ვინ დარჩება ქართველ ხალხთან და ვინ გააგრძელებს საპროტესტო მოძრაობას. ის პარტიები, რომლებიც ჯერ კიდევ განიხილავენ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის საკითხს, მათთვის მნიშვნელოვანი, განმსაზღვრელი უნდა იყოს, ვინ ჩაატარებს ამ არჩევნებს. ჩვენ ხომ ვიცით, ვერც კალანდარიშვილის ცესკო, ვერც არსებული სისტემა ნდობას ვერ იმსახურებს. შესაბამისად, ამ პროცესში შესვლა წინასწარ წაგებულ თამაშში მონაწილეობაა და წინასწარ „გაპრავება“ არის ივანიშვილის რეჟიმის. ამიტომ, მნიშვნელოვანია, დაფიქრდნენ, რაში შედიან. დღევანდელ შეხვედრაზე კიდევ საუბარია, როგორ შევქმნათ ალტერნატიული პროცესი, სადაც სახალხო აზრი, მოძრაობა გათვალისწინებული იქნება და ელექტრონული არჩევნები არის საშუალება, რომელიც სხვადასხვა ვარიანტის განხილვის შესაძლებლობას მოგვცემს. მათ შორის იქნება ეს პლებისციტი, ხალხის აზრის დაფიქსირება და ასე შემდეგ. მნიშვნელოვანია, არ შევყვეთ ივანიშვილს პროცესში, სადაც ჩვენდა უნებურად, ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობით ლეგიტიმაციას მოვახდენთ“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
0
0