
ოპოზიციის ნაწილში აშშ-ის დელეგაციის განცხადება გულისხმობს, რომ პოლიტიკურმა ოპოზიციამ უნდა გამოიყენოს ინსტიტუციონალიზაციის რესურსი, რათა უკეთესად წარმოადგინოს ოპოზიციური სპექტრის, ოპოზიციური ელექტორატის ინტერესები, მათ შორის საერთაშორისო ასპარეზზე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, დასავლელმა პარტნიორებმა უნდა იცოდნენ, როგორ წარმოუდგენია ოპოზიციას არჩევნები და დემოკრატიის დაბრუნება.
„ამაში იგულისხმება ერთიანი პოზიციის ერთიანი ხედვის ჩამოყალიბება, როგორ ვუყურებთ დემოკრატიის განვითარებას და მათ შორის დემოკრატიის დაბრუნებას პირდაპირი ახალი არჩევნების გზით. ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა უნდა იცოდნენ, როგორ წარმოგვიდგენია ჩვენ არჩევნები ამ ქვეყანაში, როგორ წარმოგვიდგენია დემოკრატიის დაბრუნება. ბუნებრივია, ეს პოზიციები ჩვენთვის, არა მარტო ალიანსის წევრებისთვის, არამედ ყველა ოპოზიციური პარტიისთვის მნიშვნელოვანი და საყურადღებო უნდა იყოს. ამ მიმართულებით ყველამ ჩვენ ჩვენი პასუხისმგებლობის გათვალისწინებით ნაბიჯები უნდა გადავდგათ. ქვეყნის შიგნით სახელმწიფო ინსტიტუციებთან თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციური ველი ერთიანი პოზიციით იყოს წარმოდგენილი, იქ არჩევნებში შევალ, არ შევალ და სხვადასხვა პირობების დაყენება კი არა, მნიშვნელოვანია, ერთიანი პოზიცია გვქონდეს, ეს ბევრად უფრო გააადვილებს პოზიციების დაახლოებას. ჩვენ უნდა ვაღიაროთ და ამ შემთხვევაში „ქართულმა ოცნებამ“ უნდა აღიაროს, რომ ქვეყანაში არის მათ მიერ შექმნილი პოლიტიკური კრიზისი, რომელიც გამოწვეულია არჩევნების გაყალბებით. ფაქტობრივი მდგომარეობა დღეს რაც არის, აქედან უნდა გამოვიდეთ“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.
ბეჟაშვილის განცხადებით, არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე უნდა გადაიდგას ნაბიჯები, რომ პოლიტიკური კრიზისის გადაწყვეტა დაიწყოს.
„ბუნებრივია, ახლა მანდატების აღდგენას ვერავინ ვერ მოახდენს და ვერც ცვლილებების განხორციელებას, მათ შორის კონსტიტუციური ცვლილებების განხორციელებას, ეს აბსურდია. არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე უნდა გადაიდგას ნაბიჯები, რომ პოლიტიკური კრიზისის გადაწყვეტა დაიწყოს, ამისთვის მნიშვნელოვანია, ოპოზიციას ჰქონდეს საერთო ხედვა, როგორ უნდა დაბრუნდეს ამ ქვეყანაში დემოკრატია, მათ შორის პირდაპირი არჩევნები როგორ ჩატარდეს და მეორე, მნიშვნელოვანია, რომ ქართულმა ოცნებამ გაიაზროს ამ განცხადებაში მოყვანილი პოსტულატები, გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები, გააუქმოს ის კანონმდებლობა, რომელიც ზღუდავს სიტყვის თავისუფლებას, გამოხატვის თავისუფლებას, შეკრების თავისუფლებას. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხი განხილული არ ყოფილა, ვინაიდან არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ამას უკვე არანაირი შემხებლობა არ ექნება, წარსულში რა გადაწყვეტილებები იქნა მიღებული, ამის განხილვას ჩვენ ბუნებრივია, ვერ დავიწყებდით, ის მოცემულობა უნდა მივიღოთ, რომელიც ახლა გვაქვს, როგორ გადავწყვიტოთ არსებული პოლიტიკური კრიზისი. ვფიქრობ, ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რამაც ივანიშვილის რუსული რეჟიმი დარტყმის ქვეშ დააყენა და ფაქტობრივად განაპირობა, რომ დღეს ისინი არალეგიტიმურები არიან, არის ის შედეგი, რომელიც მოიტანა ოპოზიციური პარტიების ერთიანობამ პარლამენტში არშესვლასთან დაკავშირებით. საზოგადოებას კარგად ახსოვს 2020 წლის გაყალბებული საპარლამენტო არჩევნები, მაშინ ოპოზიციური პარტიების ბოიკოტი შეწყდა, როდესაც ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა შარლ მიშელის შეთანხმებიდან გამომდინარე გვთხოვეს. ოთხი წლის თავზე მივიღეთ კიდევ უფრო გაყალბებული არჩევნები, კიდევ უფრო თავხედური მიდგომა, კიდევ უფრო ზეწოლის შედეგად ჩატარებული არჩევნები, ამიტომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე არანაირი უფლება აღარ ჰქონდა ოპოზიციას, მათ შორის 2020 წლის მოვლენებიდან გამომდინარე, სხვა გადაწყვეტილება მიეღო“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.
საქართველოში აშშ-ის საელჩომ გაავრცელა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების განცხადება, რომლებიც საქართველოში ვიზიტისას ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდნენ. როგორც განცხადებაშია ნათქვამი: „დემოკრატია საჭიროებს პოლიტიკურ ოპოზიციას, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტებთან ურთიერთობს იმ მოქალაქეების ინტერესებისთვის, რომლებმაც ხმა მისცეს“.
0
0