
„ძლიერი საქართველო - ლელო“ მოითხოვს, სუს-ში BBC-ის მიერ მომზადებულ საგამოძიებო მასალასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებაში საერთაშორისო ექსპერტები ჩაერთონ.
როგორც „ძლიერი საქართველო - ლელოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, თაზო დათუნაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში საერთაშორისო სტანდარტი ამბობს, რომ მსგავსი გამოძიებები ღია უნდა იყოს.
„ვარაუდებმა საზოგადოებაში ბევრი კითხვის ნიშანი გამოიწვია. 1 კვირის განმავლობაში, იმის მაგივრად, რომ პროცესი წასულიყო წინ, დასმულ კითხვებზე გაცემულიყო პასუხები, პირიქით, ხელისუფლების ყველა შტო ჩართულია, რომ ქართულ საზოგადოებას კიდევ დამატებითი კითხვა გაუჩნდეს, მეტი ბუნდოვანება შემოვიდეს.
მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნება“ ცდილობს ექსტრემალური ტემპებით ჩქარა გვაჩვენოს, რომ ეს საკითხი დეტალურად გამოიძია, იმ ბრიფინგმა, რომელიც გაიმართა სუს-ში და დააანონსა ე.წ. გამოძიების დასრულება, ამან კიდევ მეტი კითხვის ნიშანი გამოიწვია საზოგადოებაში.
ახლა არ აქვს მნიშვნელობა ვინმეს პოლიტიკურ გემოვნებას, საქმე ეხება საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობას, იმას, რომ ხელისუფლებამ შესაძლოა გამოიყენა ისეთი ქმედებები მიტინგის დასაშლელად, რომლის გამოყენებაც უბრალოდ არაადამიანურია. ამ კრიზისიდან გამოსავალია პროცესის ღიაობა, სადაც უნდა დადგინდეს, რა პროცედურები იყო განხორციელებული, შეიძლებოდა თუ არა წყლის ჭავლში რაიმე მინარევის გაკეთება, ეს მინარევი მაღალი ტოქსიკურობის იყო თუ არა. ამ კითხვებს პასუხი გაეცემა იმ შემთხვევაში, თუ მთელი პროცესი ღია იქნება. ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში საერთაშორისო სტანდარტი ამბობს, რომ ასეთ გამოძიებები ღია უნდა იყოს.
მეორე, იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეების ნდობა არსებობდეს პროცესისადმი, ამ პროცესში უნდა მოხდეს საერთაშორისო ექსპერტების ჩართვა, კონკრეტულად ქიმიური იარაღის აკრძალვის მსოფლიო ორგანიზაციის ჩართვა, რომლის კონვენციის ხელმომწერი სახელმწიფოც საქართველო არის და რომლის კონვენციის დარღვევა, შესაძლოა, გამოვლინდეს სრულფასოვანი გამოძიების შემთხვევაში. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ნუ აჩენს დამატებით კითხვებს ამ საკითხში“,- აღნიშნა დათუნაშვილმა.
ცნობისთვის, BBC-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათ მიერ შეგროვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ჩასახშობად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.
BBC-ის ცნობითვე, ესაუბრნენ World Service-ი ქიმიური იარაღის ექსპერტებს, საქართველოს სპეცრაზმის წარმომადგენლებსა და ექიმებს და აღმოაჩინეს, რომ „მტკიცებულებები მიუთითებს იმ აგენტის გამოყენებაზე, რომელსაც საფრანგეთის სამხედროებმა „კამიტი“ უწოდეს“.
სუს-ის ინფორმაციით კი, 4-5 დეკემბრის ღამით მასების მართვისათვის გამოყენებული იქნა ნივთიერება „ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი“, რომლის გამხსნელადაც გამოიყენეს „პროპილენ გლიკოლის“ ხსნარი. მათივე ინფორმაციით, არცერთი არ განეკუთვნება აკრძალულ კატეგორიას - „კამიტი" კი შსს-ს არასდროს შეუძენია“.
0
0