
საფრანგეთის ულტრამემარჯვენეთა ძალების ლიდერი მარინ ლე პენი და უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის პოლიტიკური ძალები ევროპარლამენტში ულტრამემარჯვენე ალიანსში გაერთიანდნენ. ამის შესახებ The Guardian იუწყება.
ჯგუფის სახელწოდება „ევროპის პატრიოტები“ იქნება და ის ევროპარლამენტში სიდიდით მესამე პოლიტიკური ძალაა.
განცხადება ევროპარლამენტში ორბანისა და ლე პენის ძალების გაერთიანების შესახებ მას შემდეგ გაკეთდა, რაც საფრანგეთში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე მარინ ლე პენმა მესამე ადგილი აიღო. მას წინ უძღოდა მემარცხენე ძალებსა და ემანუელ მაკრონის ალიანსს შორის გარიგება, რომლის მიზანი ფრანგი ულტრამემარჯვენეების გამარჯვების დაუშვებლობა იყო.
ახალი ჯგუფის ხელმძღვანელი ევროპარლამენტში ჯორდან ბარდელა იქნება., „ჩვენ, როგორც პატრიოტული ძალები, ერთობლივად ვიმუშავებთ, რათა პოლიტიკა ჩვენს ქვეყნებს და ხალხს ემსახურებოდეს“, - განაცხადა ბარდელამ.
ევროსკეპტიკური ჯგუფი 12 ქვეყნის 84 დეპუტატისგან შედგება.
ორბანის და ლე პენის გარდა, გაერთიანებაში იტალიის ულტრამემარჯვენე ძალებიც შედიან. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა მატეო სალვინიმ განაცხადა. „პატრიოტთა ეს ჯგუფი ევროპის მომავალს შეცვლის და ამაში გადამწყვეტ როლს შეასრულებს“, - დაწერა სალვინიმ სოციალურ ქსელში.
„ევროპის პატრიოტების“ გაერთიანებაში ასევე შედიან ნიდერლანდების „თავისუფლების პარტია“, ესპანეთის Vox, პორტუგალიის Chega, ბელგიის სეპარატისტული პარტია Vlaams Belang და დანიის „სახალხო პარტია“.
როგორც ორბანის პარტიის, „ფიდესის“ ევროდეპუტატმა კინგა გალმა განაცხადა, ჯგუფის მიზანია ევროპის ქრისტიანული ფესვების დაცვა, ევროპის გარე საზღვრების უსაფრთხოების მაქსიმალური უზრუნველყოფა და კონკურენტუნარიანი ევროპის შექმნა. მან იმედი გამოთქვა, რომ მოკლე დროში ამ ძალას სხვა თანამოაზრეებიც შეუერთდებიან. „კარები ყველასთვის ღიაა, ვისაც ჩვენთან გაერთიანება სურს“, - განაცხადა კინგა გალმა.
ერთადერთი ულტრამემარჯვენე ძალა, რომელიც ამ გაერთიანებაში არ მიიწვიეს, „გერმანიის ალტერნატივაა“. მასთან კავშირი მარინ ლე პენმა გაწყვიტა. ლე პენმა „გერმანიის ალტერნატივასთან“ ურთიერთობა მას შემდეგ შეწყვიტა, რაც ამ პარტიის კანდიდატმა ევროპარლამენტში განაცხადა, რომ ნაცისტების დროინდელ გაერთიანება SS-ში „ყველა დამნაშავე არ ყოფილა“.
„ნაციონალური გაერთიანების“ ევროდეპუტატმა ჟან-პოლ გარომ განაცხადა, რომ ეს განცხადება სრულიად მიუღებელია და, შესაბამისად, „გერმანიის ალტერნატივა“ „ევროპის პატრიოტების“ ალიანსის წევრი არ იქნება.
„ევროპის პატრიოტების“ მიერ ევროპარლამენტში მესამე ადგილის დაკავების შემდეგ იტალიის პრემიერ-მინისტრის, ჯორჯა მელონის „ევროპელი კონსერვატორები და რეფორმატორები“ მეხუთე ადგილზე გადაინაცვლებს, ხოლო „მწვანეები“ - მეექვსე პოზიციაზე.
ევროპარლამენტში პოლიტიკური ჯგუფების შემადგენლობა კიდევ შეიძლება შეიცვალოს. მომავალ კვირას სტრასბურგში ახალი ევროპარლამენტის პირველი სხდომა გაიმართება. მთავარი საკითხი, რომელიც ევროპარლამენტმა უნდა გადაწყვიტოს - დარჩება თუ არა ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის თავმჯდომარის პოსტზე მეორე ვადით.
0
0
11 მაისს ელექტრომომარაგება შეიზღუდება
08/05/2026
შემოსავლების სამსახურის განცხადება
08/05/2026