
"სკანდალი, დაპირისპირება ბრიუსელის ინსტიტუტებს შორის, ლეგიტიმაციის ნაკლებობა წევრი სახელმწიფოების წინაშე - ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური ღრმა ეგზისტენციალურ კრიზისს განიცდის" - სტატიას ამ სახელწოდებით ფრანგული Le Figaro ავრცელებს. სტატიაში აღნიშნულია, რომ კაია კალასი უძლურია ევროკავშირის დიპლომატიური სამსახურის წარუმატებლობის წინაშე.
როგორც გამოცემა წერს, გასულ კვირას, მას შემდეგ, რაც საფრანგეთის პრეზიდენტმა რუსეთის პრეზიდენტთან ევროკავშირის მხრიდან საუბრის სურვილი გამოთქვა, გაურკვეველია ვინ დაელაპარაკება პუტინს და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი იქნება.
"ეს ეპიზოდი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკაში არსებულ უთანხმოებას", - ნათქვამია სტატიაში.
ევროკავშირის დიპლომატიური სამსახური "სულს ღაფავს" - ამბობს ბრიუსელში მომუშავე ერთ-ერთი დიპლომატი. იდეა, რომ ევროპულ ინსტიტუტებს ერთიანი, ცენტრალიზებული საგარეო ხმა ჰქონოდათ, რეალობად არასოდეს ქცეულა. ავტორი საუბრობს საგარეო უწყებაში მიმდინარე კორუფციულ სკანდალზეც, 2 დეკემბერს, ფედერიკა მოგერინი - ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში 2014-2019 წლებში, დააკავეს, დაკითხეს, ევროპის პროკურატურის მითითებით, მას კორუფციაში ეჭვმიტანილის სტატუსით ბრალი წარედგინა. ამავე უწყების კიდევ ერთი მაღალჩინოსნის, სტეფანო სანინოს წინააღმდეგაც იმავე საქმეზე დაიწყო სამართლებრივი დევნა.
0
0