
თბილისის საქალაქო სასამართლოში 7-8 მარტის აქციებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის საქმის განხილვა დასრულდა.
მომდევნო სასამართლო პროცესი 27 ივნისს 12:00 საათზე გაიმართება.
დღევანდელ სხდომაზე მოსამართლემ ორი მოწმე გამოჰკითხა, მათ შორის პოლიციელი, რომელიც ამტკიცებდა, რომ მისი მანქანა დაწვეს.
სხდომის დაწყებამდე, საქმის პროკურორმა განაცხადა, რომ ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით - “ლაზარე გრიგორიადისის ქურთუკზე ნავთობპროდუქტების კვალი ამოვიდა, რითაც ბრალდებულის ე.წ. მოლოტოვის კოქტეილთან შემხებლობა დასტურდება” - აცხადებს პროკურორი.
პროცესს გრიგორიადისის მამა, ბექა გრიგორიადისი დაესწრო. ის იმედს გამოთქვამს, რომ პოლიციელები ცრუ ჩვენებას არ მისცემენ.
ამასთან, გრიგორიადისის ოჯახის წევრებს უჩნდებათ კითხვა, თუკი პოლიციელები ადგილზე იმყოფებოდნენ და დაინახეს გრიგორიადისის მხრიდან რაიმე სახის დანაშაულის ჩადენა, რატომ არ დააკავეს ის იქვე და რატომ მოხდა ეს რამდენიმე დღის შემდეგ.
„ჩემი მოთხოვნაა, პოლიციელმა ჩვენების მიცემისას არ იცრუოს და მოსამართლემ ის განაჩენი არ გამოიტანოს, რასაც ზემოდან ავალებენ. როგორც ვიცი, დღეს 4 პოლიციელს დაკითხავენ/ იმედს ვიქონიებ, რომ არ იცრუებენ. თუ იცრუებენ, სტრასბურგამდე მივიყვან საქმეს და ყველას გავასამართლებ ცრუ ჩვენებისთვის. ისე იქცევიან, „არ ბნელა“,- განაცხადა ბექა გრიგორიადისმა.
სხდომას დაესწრო ბრალდებული ლაზარე გრიგორიადისი, რომელმაც დუმილის უფლებით ისარგებლა.
სასამართლო პროცესი საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა.
შეგახსენებთ, რომ 21 წლის ახალგაზრდა 29 მარტს დააკავეს. ბრალდება მას სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილითა და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით წარედგინა.
ბრალის დადასტურების შემთხვევაში ლაზარე გრიგორიადისს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
0
0