
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა სერგეი ლავროვის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის ლეგიტიმური ლიდერი არ არის.
მოსკოვმა უკრაინის პრეზიდენტის ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ დააყენა, როდესაც გასულ წელს ქვეყანაში არჩევნების ჩატარება საომარი მდგომარეობის გამო გადაიდო.
„როდესაც დოკუმენტებზე ხელმოწერის ეტაპზე მივალთ, ყველამ ძალიან მკაფიოდ უნდა გაიგოს, რომ ხელმომწერი პირი ლეგიტიმურია. უკრაინის კონსტიტუციის თანახმად, ზელენსკი ამჟამად ლეგიტიმური ლიდერი არ არის“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.
ანდრეი სიბიგამ ლავროვის კომენტარებს უპასუხა:
„აბსურდულია ლეგიტიმურობის შესახებ ლექციის მოსმენა იმ ადამიანისგან, რომელიც 21 წელია თავის სავარძელში ზის და ემსახურება ადამიანს, რომელიც 25 წელზე მეტია მართავს ქვეყანას. მას თვითონ არ აქვს უფლება, რომ ლეგიტიმურობაზე ისაუბროს. ასეთი ბოდვითი განცხადებები აჩვენებს, რომ რუსეთს მშვიდობა არ აინტერესებს“.
0
0