05/12/2023
12:31
მსოფლიო
რეგიონული „3+3“ ფორმატი თანდათან „ფორმებს იღებს“ და იქცევა მოლაპარაკებების სულ უფრო პერსპექტიულ პლატფორმად. რუსული სამთავრობო მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.
ლავროვი დღეს აზერბაიჯანელ კოლეგას ჯეიჰუნ ბაირამოვს შეხვდა. მოლაპარაკებების გახსნისას, ლავროვმა ყურადღება გაამახვილა სამხრეთ კავკასიაში სიტუაციის განხილვის ახალი პლატფორმის პერსპექტივაზე.
„[აზერბაიჯანის პრეზიდენტის] ილჰამ ალიევის „3+3“ ინიციატივა ე.წ. „3+3“ რეგიონული პლატფორმის - სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნისა და მათი სამი მეზობლის ფორმირების შესახებ, უკვე ყალიბდება. ესეც პერსპექტიული ფორმატია“, - განაცხადა რუსმა მინისტრმა.
მანვე დასძინა, რომ სიამოვნებით მოისმენს ამ ფორმატის მუშაობის შეფასებებს და წინადადებებს მისი განვითარების შესახებ უშუალოდ ბაქოს წარმომადგენლებისგან.
„3+3“ ფორმატში ექვსი ქვეყანა მონაწილეობს - სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, რუსეთი, თურქეთი და ირანი. ამ პლატფორმის ფარგლებში მოლაპარაკებები უნდა ეხებოდეს სამხრეთ კავკასიაში არსებულ ვითარებას, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვა ინიციატივის განხორციელებაში მონაწილეობაზე.
0
0