
15 აგვისტოდან ლატვია განაახლებს დაჭრილი უკრაინელი სამხედროების სარეაბილიტაციო პროგრამას. ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება.
რეაბილიტაცია ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ კოორდინირებული პროგრამის ფარგლებში განხორციელდება.
რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის შემდეგ, ლატვიის მთავრობამ 7 მარტს უკრაინაში დაშავებული სამხედრო პერსონალის რეაბილიტაციის სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამის ამოქმედების შესახებ განაცხადა.
მინისტრთა კაბინეტმა უკრაინაში კონფლიქტის დროს დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების რეაბილიტაციისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის პროგრამიდან „ფინანსები გაუთვალისწინებელი გარემოებების შემთხვევაში“ 280 000 ევროს პაკეტი გამოყო.
თანხები ფარავს რეაბილიტაციის, მგზავრობის და ტექნიკური აღჭურვილობის ხარჯებს.
აღმოსავლეთ უკრაინაში შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაჭრილთა სამედიცინო დახმარების გაწევა 2014 წელს დაიწყო. 2019 წლისთვის ლატვიის სამედიცინო დაწესებულებებში 58 დაჭრილი უკრაინელი მკურნალობდა.
უკრაინელი სამხედროებიც პოლონეთში მკურნალობენ.
0
0