
ლაშა ცანავას სუს-მა განსაკუთრებით ყურადღება იმიტომ მიაქცია, რომ ის ხშირად არის ლევან ხაბეიშვილის გვერდით, რომელმაც ბოლო პერიოდში, თავისი აქტიურობით ძალიან დიდი ზიანი მიაყენა ამ რეჟიმს - ველოდებით, რომ მოღალატეობრივი რეჟიმის ამგვარი ქმედებები გაგრძელდება,- ამის შესახებ შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ბარამიძემ განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული ფაქტი „ნაციონალურ მოძრაობას“ ვერ გააჩერებს.
„მინდა გამოვეხმაურო „ნაციონალურო მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრის, ლაშა ცანავას დაკავებას სუს-ის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციით. სწორედ იმიტომ, რომ ლაშა ცანავა არის ერთ-ერთი ჩვენი აქტიური თანამებრძოლი და მეგობარი, რომელიც სულ მუდამ, ყველა აქციებზე მოწინავეთა რიგებში დგას. მას სუს-მა განსაკუთრებით ყურადღება იმიტომ მიაქცია, რომ ხშირად არის პირადად ლევან ხაბეიშვილის გვერდით. ხაბეიშვილმა ბოლო პერიოდში, თავისი აქტიურობით ძალიან დიდი ზიანი მიაყენა ამ რეჟიმს. ამხილა ამ მოღალატეთა და კრიმინალთა რუსული ბანდის შიგნით არსებული ძალიან მძიმე მდგომარეობა. მისი ბანდის წევრებს ისეთი მდგომარეობაა, რომ ან ერთმანეთს ესვრიან ან თვითმკვლელობამდე მიჰყავთ. ერთმანეთში მიდის გარჩევები შავ ფულთან დაკავშირებით, მოპარული ფულის საერთო „ქურდულ ოფშიაკში“ მიტანის თემაზე და ა.შ.
ამ რეჟიმს ძალიან აეწვა ლევან ხაბეიშვილის საუბარიც, მხილებაც და ბრძოლაც. ამ ეტაპზე, განსხვავებით ადრინდელი სხვა დაკავებებისა და ჩვენ წინააღმდეგ ბრძოლისა, ახლა ლაშა ცანავა ამოიღეს სამიზნეში. ბუნებრივია, ჩვენ ველოდებით, რომ მოღალატეობრივი რეჟიმის ამგვარი ქმედებები გაგრძელდება „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ. ბიძინა ივანიშვილისა და მისი ბანდის ამოცანა და მიზანი არ არის ქართველი ხალხის კეთილდღეობა, საქართველოს გაჭირვებიდან ამოყვანა და ფეხზე დაყენება, არამედ გაცხადებულია, რომ [მიზანი და ამოცანა] არის „ნაციონალური მოძრაობის“ განადგურება.
კვლავ გრძელდება ჩვენი მთავარი ლიდერის, საქართველოს თანამედროვე სახელმწიფოებრიობის შემქმნელი პრეზიდენტის პატიმრობა უკვე მეოთხე წელიწადია. რა თქმა უნდა, ამ რეჟიმის მხრიდან ყველანაირ სისაძაგლეს ველით. მაგრამ ეს არც ჩვენს თანამებრძოლ ლაშა ცანავას გააჩერებს და არც არავის, როგორც არ გააჩერა პრეზიდენტი სააკაშვილი და მთელი „ნაციონალური მოძრაობა. „ნაციონალური მოძრაობა“ იყო, არის და იქნება ის მთავარი პატრიოტული ძალა ჩვენს ქვეყანაში, რომელიც იბრძოლებს საქართველოს გამთლიანებისთვის, კეთილდღეობისთვის. ის იბრძვის და იბრძოლებს იმისათვის, რომ საქართველო იყოს ძლიერი განვითარებული, დემოკრატიული, ქართული სახელმწიფო“,- განაცხადა ბარამიძემ.
ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, თაღლითობის ბრალდებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი, ლაშა ცანავა დააკავეს. როგორც სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა, ემზარ გაგნიძემ, ბრიფინგზე განაცხადა, ლაშა ცანავა უცხო ქვეყნის ერთ-ერთ მოქალაქეს თავისი კავშირების მეშვეობით საქართველოში ერთწლიანი ბინადრობის ნებართვის მოპოვების უზრუნველყოფას შეჰპირდა, რის სანაცვლოდაც მას 5 600 ამერიკული დოლარი მოსთხოვა. მისივე განმარტებით, აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებასთან (თაღლითობასთან) დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით 4-იდან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
0
0