04/02/2023
18:02
სპორტი
დღეს, 4 თებერვალს საფრანგეთის დედაქალაქში სტარტი პრესტიჟულმა ტურნირმა პარიზის გრანდ-სლემმა აიღო.
პირველ საშეჯიბრო დღეს ტატამზე 4 ქართველი ძიუდოისტი წარსდგა და მედლისთვის ბრძოლას 2 მათგანი განაგრძობს.
-60 კგ წონით კატეგორიაში თემურ ნოზაძე ასპარეზობაში მეორე წრიდან ჩაერთო და ავსტრალიელი ჯოშუა კაცი დაამარცხა, მერვედფინალში კი ფრანგ რაულ ჰებრარდს სძლია, 25 წლის ქართველი ძიუდოისტი მეოთხედფინალში აზერბაიჯანელ ბალაბაი აღაიევს დაუპირისპირდება.
-66 კგ წონით კატეგორიაში შეჯიბრში პირველივე წრიდან ჩაერთო ბაგრატ ნინიაშვილი და გაფრთხილებების ხარჯზე ეკვადორელი ლენინ პრესიადო დაამარცხა, მეორე წრეში კი გაერთიანებული საამიროების სახელით მოასპარეზე ქართველს გურამ ძავაშვილს სძლია, მერვედფინალში წონის ლიდერთან, მოლდოველ დენის ვიერუსთან ვაზარით დამარცხდა.
-73 კგ წონით კატეგორიაში ყველაზე ტიტულოვანმა ქართველმა ძიუდოისტმა და ტურნირის მოქმედმა გამარჯვებულმა ლაშა შავდათუაშვილმა ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო და დომენიკის წარმომადგენელი ანტონიო ტორნალი დაამარცხა, მერვედფინალში კი იტალიელ გაბრიელე სულის გაფრთხილებების ხარჯზე სძლია, 31 წლის ძიუდოისტმა მეოთხედფინალში ყაზახი დანიარ შამშაიევი დამატებით დროში ვაზარით დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.
57 კგ წონით კატეგორიაში კი ტატამზე ნაკრების დებიუტანტი მარიამ ციხელაშვილი წარსდგა, სამწუხაროდ, იგი ასპარეზობაში მეორე წრიდან გამოეთიშა, მარიამი კუბელ არნაეს ოდელინ გარსიასთან დამარცხდა.
ფინალური ბლოკი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
0
0