
ის, რომ ინვესტორი მზად არის საქართველოში 6 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განახორციელოს, არათუ აფერხებს, არამედ ბევრად ახალისებს და ამარტივებს სხვა დასავლური ინვესტიციების შემოსვლას ქვეყანაში,- ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების მხრიდან, 6 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიციასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნული ახალისებს ინვესტიციების მოზიდვას მათ შორის, ენერგეტიკისა და ლოჯისტიკის სფეროში, რომელსაც მნიშვნელობა აქვს როგორც ქვეყნისთვის, ისე რეგიონისთვის და ევროკავშირისთვის.
„ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიციაა საქართველოში და მათ შორის, ძალიან მასშტაბური, საკმაოდ დიდი საქართველოს ეკონომიკის ზომასთან მიმართებით. დავეთანხმები საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს, რომ ეს არათუ შემზღუდავია სხვა ინვესტიციებთან მიმართებით, არამედ პირიქით, ეს არის წამახალისებელი სხვა ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით. ის, რომ ინვესტორი საქართველოში მზად არის 6 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განახორციელოს, ეს, მხოლოდ და მხოლოდ, ახალისებს ინვესტიციების მოზიდვას საქართველოში. პრაქტიკულად, ეს გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და ჩვენ ვსაუბრობთ მისი შესრულების ეტაპის დაწყებაზე, რომელიც დაწყებულია. ახალისებს, მათ შორის, არამხოლოდ ამ სფეროში, განსაკუთრებით სხვა სფეროებში. მაგალითად ისეთი, როგორიცაა ენერგეტიკა, ლოჯისტიკა, რომელსაც არა მხოლოდ ქვეყნის მასშტაბით აქვს მნიშვნელობა, არამედ რეგიონული დატვირთვაც აქვს. ამასთან, თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევროკავშირისთვისაც. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული მიმართულებაა, როგორც ლოჯისტიკის ნაწილი, ასევე ენერგოუსაფრთხოების ნაწილი, რომელშიც საქართველოს უნიკალური ადგილი და როლი აქვს. საქართველო რა თქმა უნდა, სრულად მოახდენს რეალიზებას თავისი შესაძლებლობების. ასეთი ტიპის ინვესტიციები არათუ აფერხებს სხვა ინვესტიციების შემოსვლას, არამედ ბევრად ახალისებს და ამარტივებს სხვა დასავლური ინვესტიციების შემოსვლას საქართველოში. პრინციპში, EMAAR არის ის ჯგუფი, რომელსაც ძალიან ბევრგან აქვს ასეთი ტიპის ინვესტიცია განხორციელებული. მას, მხოლოდ და მხოლოდ, დადებითი ეფექტი აქვს გამოწვეული, როგორც უშუალოდ ამ ინვესტიციასთან, ასევე, სხვა ინვესტორების მოზიდვასთან მიმართებით ქვეყნისთვის. ამიტომ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია“,- განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
0
0