
პირველ რიგში, დემოკრატიული ტრანსფორმაცია სჭირდება ჩვენს ქვეყანას და არა ევროკავშირს, ვინაიდან, ცხადია, ევროკავშირში გადაწყვეტილებები დემოკრატიული წესით მიიღება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლაშა ფარულავამ განაცხადა.
ფარულავას კითხვა დაუსვეს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიულმა კომიტეტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშზე, რომლის მიხედვითაც, „ევროკომისია კვლავ ერთგულია ცენზურის მიმართ, მიზანში იღებს კონსერვატიულ კონტენტს და ერევა არჩევნებში მთელ ევროპაში“.
„რა თქმა უნდა, დემოკრატიული მანდატი ყველამ უნდა მოიპოვოს თავისუფალ, სამართლიან არჩევნებში, სადაც არის დაცული დებატების კულტურა, მათ შორის არ არის ცენზურა. რა თქმა უნდა, შეერთებული შტატები მსოფლიოში არის დემოკრატიის მთავარი ექსპორტიორი და თუ ვინმეს აქვს დემოკრატიის პრობლემა, პირველ რიგში, საქართველოს, „ქართული ოცნების“, ივანიშვილის გამო. რა თქმა უნდა, გადატვირთვა სჭირდება ამ ურთიერთობებს. პირველ რიგში, დემოკრატიული ტრანსფორმაცია სჭირდება ჩვენს ქვეყანას და არა ევროკავშირს, ვინაიდან, ცხადია, ევროკავშირში გადაწყვეტილებები დემოკრატიული წესით მიიღება. იქ არ არის პრობლემა, პრობლემა არის საქართველოში“, – განაცხადა ლაშა ფარულავამ.
კითხვაზე, – „გარე ჩარევებზე საქართველოს ხელისუფლება როდესაც საუბრობდა, მათ აკრიტიკებდით, ახლა ეთანხმებით თუ არა ამერიკის შეერთებულ შტატებს?“ – რაზეც ლაშა ფარულავამ უპასუხა:
„ვაშინგტონს არა მხოლოდ ვეთანხმები, არამედ ვიცავ დემოკრატიულ წესს და დემოკრატიული მანდატის მოპოვებას სჭირდება ახალი, თავისუფალი არჩევნები. დემოკრატიული მანდატი არ მოიპოვება ოპონენტების დევნით, ციხეში ჩასმით, ახალი, თავისუფალი არჩევნები გადატვირთავს ურთიერთობას შეერთებულ შტატებთან. ეს არის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის ციტატა, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოიყენა „ქართული ოცნების“ მიმართ. წვრილფეხობით კი არ გადაიტვირთება ეს ურთიერთობა, ახლა რომ ფოტოებს იღებენ სახელმწიფო დეპარტამენტის ქვედა დონის წარმომადგენლებთან, არამედ მხოლოდ ამ გზით, თუ გამოუშვებენ ოპონენტებს ციხეებიდან და ნორმალურ არჩევნებს ჩაატარებენ. დემოკრატიული პრობლემა საქართველოში არის „ქართული ოცნება“. მან შექმნა დემოკრატიის პრობლემა, ასეთი პრობლემა ევროკავშირს არ აქვს. ევროკავშირში თუ არის რაიმე ტიპის პრობლემა, რა თქმა უნდა, დემოკრატიული წესით გადაწყდება“.
0
0