
რუსული ვექტორი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ აირჩია, არა თუ არ მოსწონს მოსკოვს, პირიქით, პირდაპირ მოუწოდებს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით და დევნილების დაბრუნებაზე არანაირი დათმობა არ იქნება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლაშა ფარულავამ განაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთის მიზანია საქართველო ქართველების გარეშე.
„ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით საქართველოს პოზიცია, რომ არგაღიზიანების პოლიტიკა რამეს შეცვლიდა, სრული აბსურდი და ტყუილი აღმოჩნდა. რუსული ვექტორი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ აირჩია, არა თუ არ მოსწონს მოსკოვს, პირიქით, პირდაპირ მოუწოდებს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით და დევნილების დაბრუნებაზე არანაირი დათმობა არ იქნება.
რუსეთის მიზანია საქართველო ქართველების გარეშე, რუსეთის მიზანია საკუთარი სტრატეგიის გეგმაში მოყვანა და ეს განცხადებაც ამას ემსახურება. ვინ იქნება საქართველოს ხელისუფლებაში, ამას მოსკოვისთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მოსკოვისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა საქართველო და მას აქვს სტრატეგიული გეგმა. შესაბამისად, ივანიშვილის რეჟიმის არგაღიზიანების პოლიტიკა საქართველოსთვის არის დამაზიანებელი, რადგან ქვეყანა ამ არჩევანის გამო, საერთაშორისო იზოლაციაში მოექცა. საქართველო დღეს ავტორიტარულ ბანაკშია და არა თავისუფალი სამყაროს წევრია.
ფარულავა გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, რომლის მიხედვითაც, რუსეთსა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგის განახლების წინაპირობები არ არსებობს.
ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ გამორიცხავს რუსეთის საგარეო უწყების განცხადება „ქართული ოცნებისა“ და რუსეთის კავშირებს, ფარულავამ აღნიშნა, რომ კრემლს საქართველოსთან დაკავშირებით უცვლელი სტრატეგია აქვს, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის ხელისუფლებაში.
„რუსეთის ფედერაციას საქართველოსთან დაკავშირებით თავისი სტრატეგიული გეგმა აქვს, რომელსაც არ შეცვლის. საქართველოში რუსეთს თავისი თავდაცვის მინისტრი ჰყავდა, თუმცა პოზიცია არ შეუცვლია. შევარდნაძის დროს რუსეთს საკუთარი მინისტრები ჰყავდა და დღეს მთავრობა ჰყავს, მაგრამ საქართველოსთან დაკავშირებით მისი სტრატეგიული ამოცანა არ იცვლება“, – განაცხადა ფარულავამ.
0
0