
ლევან ხაბეიშვილის გადადგომის რეალური მიზეზი იყო ის ტერორი და არაადამიანური მოპყრობა, რომელიც მოგვიწყო „ქართულმა ოცნებამ“ და ბიძინა ივანიშვილმა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლაშა ფარულავამ განაცხადა.
მისი თქმით, კონკრეტულმა ჯგუფმა, ვინც ელიტას წარმოადგენს, ე.წ. ბაბლმა, ლევან ხაბეიშვილთან თანამშრომლობა არ მოინდომა.
„ჩვენ კარგად გვახსოვს, როგორ აწამეს ლევან ხაბეიშვილი, როგორ დაულეწეს სახის ძვლები. სწორედ ამის შემდეგ მივიდა ლევან ხაბეიშვილი პარლამენტში და ყველამ ნახა „ქართული ოცნების“ სახე და კი, მას ჰქონდა ფიზიკური პრობლემები. თუმცა, სამწუხაროდ, კონკრეტულმა ჯგუფმა, ვინც ელიტას წარმოადგენს, ე.წ. ბაბლმა ლევან ხაბეიშვილთან თანამშრომლობა არ მოინდომა. ფიქრობდნენ, რომ ის იყო გაერთიანებისთვის მთავარი პრობლემა. ლევან ხაბეიშვილს არ უყოყმანია, დატოვა ეს თანამდებობა, მაგრამ „ქართული ოცნების“ ამ რეპრესიას და ტერორს ოპოზიციის ამ „ბაბლმა“ ვერ უპასუხა სათანადოდ, ვერ გაერთიანდა, დაიყო ჯგუფებად, რაც აისახა 2024 წლის არჩევნებზე. ამასთან დაკავშირებით ლევან ხაბეიშვილმა დაჭერამდე ისაუბრა“, – განაცხადა ლაშა ფარულავამ.
მისი თქმით, პოლიტიკაში კეთილსინდისიერება და გამჭვირვალობა უმთავრესია და ამ ფასეულობას ყველაზე მეტად პატივს სცემს ლევან ხაბეიშვილი.
„რუსული რეჟიმის წინააღმდეგ საერთო ფრონტის გასაძლიერებლად კონკრეტული ნაბიჯებიც გადაუდგამს და საკუთარ თავისუფლებას ანაცვალა ეს ბრძოლა. კეთილსინდისიერებაზე და გამჭირვალებაზე თუ ვლაპარაკობთ, ეს ნამდვილად ჰქონდა ლევან ხაბეიშვილს და ვინმეს ეს თუ არ აქვს, მისი პრობლემაა, რაც ამცირებს მის პოლიტიკურ რესურსებს. ლევან ხაბეიშვილმა ამაზე ისაუბრა არჩევნების შემდეგ, გამოაქვეყნა პოსტი, სადაც ისაუბრა მავნე დამოკიდებულების შესახებ, რომელიც არსებობდა 2024 წელს და ახლაც არსებობს. თუ კონკრეტული ადამიამები საკუთარ ეგოებს ვერ გადააბიჯებენ, არ აირჩევენ ეროვნულ იტერესს, რა თქმა უნდა, ამით საერთო ბრძოლას დააზიანებენ, რითაც ბიძინა ივანიშვილი სარგებლობს. ყოველთვის ვიყავით გულწრფელი. მე წარმოვადგენ ლევან ხაბეიშვილის სამეგობროს, ამას პირდაპირ ვამბობ, მაგრამ ჩვენ ვართ მიხეილ სააკაშვილის ერთგული, ამ ბრძოლაში ვართ მისი თანამებრძოლები და სწორედ ამას ემსახურებოდა ის, რომ ლევან ხაბეიშვილმა უყოყმანოდ დათმო თანამდებობა, რომელიც არჩევნების გზით მოიპოვა და არ გამხდარა რაიმე ტიპის პრობლემა. ოპოზიციაში კონკრეტულმა ადამიანებმა ფეხის ბაკუნს თავი დაანებეს, აიღეს საბანკო ოლიგარქის ფული, რითაც დაზიანდა საერთო ბრძოლა და ჩვენი ქვეყანა. მე მხოლოდ ის შემიძლია, ვთქვა, რომ კეთილსინდისიერება გამჭირვალობა დღეს, ამ წუთას, არის მნიშვნელოვანი და ყოველთვის ყველა დროს და ყველა ეტაპზე არის საჭირო, რომ დავამარცხოთ რუსული რეჟიმი ქვეყანაში. ის პროცესი, სადაც კონკრეტული ადამიანები არ საუბრობენ გულწრფელად აზიანებს საერთო ბრძოლას. მე ყველას მოვუწოდებ, რომ კეთილსინდისიერება გამოიჩინონ, რომელიც ყველაზე მეტად ოპოზიციურ სპექტრში და ქართულ პოლიტიკაში ნამდვილად აქვს ლევან ხაბეიშვილს“, – განაცხადა ლაშა ფარულავამ.
ამასთან, ლაშა ფარულავამ აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედ თავმჯდომარეს, თინა ბკუჩავას მადლობას უხდის საერთაშორისო ასპარეზზე გაწული შრომისთვის.
„ამის კონკრეტულ ძალას უნდა გრძნობდეთ „იმედში“, „პოსტივში“. მადლობა თინას, რომ არიან სანქცირებული. რაც შეეხება გულწრფელობას, ეს ნამდვილად აქვს ლევან ხაბეიშვილს. ყველას მოვუწოდებ, მისგან აიღონ მაგალითი. კეთილსინდისიერება, გამჭვირვალობა არის ის კონტური, რომელიც ყველა პოლიტიკოსს უნდა ჰქონდეს ამ ბრძოლაში. როდესაც რეპრესია, ტერორი და მძიმე სპირალი არის ჩვეულებრიობა, ბევრს შეუძლია, ლევან ხაბეიშვილისგან აიღოს მაგალითი, როგორი უნდა იყოს პოლიტიკოსი და გამოხატავდეს გულწრფელობას. თინა ბოკუჩავა არის ამ პარტიის თავმჯდომარე და როცა ჩატარდება ახალი არჩევნები, პარტიაში მოხდება უფლებამოსილების აღდგენა, იმ თანამდებობებზე რომელიც ახლა განხილვის საგანია მერე შეგვიძლია ლაპარაკი“, – განაცხადა ლაშა ფარულავამ.
შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედმა თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა: „მქონდა ძალიან სერიოზული სინდისის ქენჯნა, რომ ხაბეიშვილის შეცვლის მიზეზად დასახელდა ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაც არ იყო რეალური“.
0
0