
რეჟიმის პირობებში ვერ იარსებებს პარტიული უჯრედი, იარსებებს მხოლოდ პატრიოტული უჯრედი, რომელიც დაეფუძნება ერთიანობასა და წინააღმდეგობას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლაშა ფარულავამ განაცხადა.
როგორც ფარულავამ აღნიშნა, ქართულ საზოგადოებას ბრძოლა პარტიულ ჩარჩოებს მიღმა მოუწევს.
„რეჟიმის მხრიდან პარტიების აკრძალვა და რეპრესიების გამკაცრება კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ივანიშვილის დაჯგუფება არის სრულ საერთაშორისო იზოლაციაში. ეუთო-ს თავმჯდომარემ, რომელიც იმყოფებოდა საქართველოში, არ აღიარა ის ფარსი, ტყუილი და რუსული სპეცოპერაცია, რომელიც ქვეყანაში 4 ოქტომბერს ჩატარდა. ეს არის მათთვის მძიმე და შესაბამისად, ჩვენ ვიხილეთ თუ როგორ დააჯარიმა ეუთო-ს თავმჯდომარე რეჟიმმა. ყველაფერზე ხელი აქვთ აღებული, ყველა წითელი ხაზი ივანიშვილის რეჟიმს აქვს გადალახული და ცხადია, პარტიული ჩარჩოების მიღმა მოუწევს ქართულ საზოგადოებას ბრძოლა. ივანიშვილს თუ ჰგონია, რომ იუსტიციის ბეჭედი ან სამართლებრივი სტატუსი შეაჩერებს ქართველი ხალხის ბრძოლას სამართლიანობისთვის, თავისუფლებისთვის, ევროპული მომავლისთვის, ძალიან ცდება. ჩვენ გააზრებული გვაქვს ის ბრძოლა, რა ბრძოლაში ვიმყოფებით. ცხადია, რეჟიმის პირობებში ვერ იარსებებს პარტიული უჯრედი, იარსებებს მხოლოდ პატრიოტული უჯრედი, რომელიც იქნება დაფუძნებული ერთიანობაზე და წინააღმდეგობაზე“, – აღნიშნა ფარულავამ
მისივე თქმით, პარტია არა იურიდიული სტატუსი, არამედ მოქალაქეებია, რომელთაც კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის მიმართ ნდობა აქვთ.
„ცხადია, ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას და ეს ბრძოლა იქნება აბსოლუტურად ეროვნული, პარტიული ჩარჩოების მიღმა, რათა გავათავისუფლოთ საქართველო ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმისგან. ამას სჭირდება დიდი ერთიანობა და დიდი წინააღმდეგობა. ერთიანობისთვის ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ. პარტია არ არის იურიდიული ან სამართლებრივი სტატუსი, უპირველესად, პარტია არის მოქალაქეები, ამომრჩეველი, საზოგადოება, რომელთაც აქვთ ნდობა კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის მიმართ. ასეთი ჯგუფი ნამდვილად არის „ნაციონალური მოძრაობა“. ჩვენ გვყავს ერთგული ამომრჩეველი და ჩვენს ამომრჩეველთან, მხარდამჭერებთან ერთად გავაგრძელებთ ბრძოლას ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ“, – განაცხადა ფარულავამ.
0
0
პუტინი ორბანს ესაუბრა - კრემლი
17/10/2025