
ფაქტია, რომ ჩვენს ქვეყანას ევროპაში, ბრიუსელში ჰყავს მეგობრები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ, რათა ჩვენი ქვეყანა იყოს ევროპულ, ქრისტიანულ გზაზე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლაშა ფარულავამ განაცხადა.
მისივე თქმით, „ყველაზე დიდი ქრისტიანული გაერთიანება არის ევროპის კავშირი, სადაც საქართველოს ადგილია“.
„მე ვარ საქართველოს ეკლესიის მრევლის წევრი. ჩემთვის ძალიან სამწუხაროა კრიტიკული პოზიციები პატრიარქის, ეკლესიის მიმართ, თუმცა ღია ტიპის საზოგადოებაში, დემოკრატიაში კრიტიკა თავისუფალი რამ არის. სეკულარული სახელმწიფო ვართ და, არიან ადამიანები, რომლებსაც თავისი პოზიცია აქვთ ეკლესიის როლთან ან კონკრეტულ პროცესთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ ამას არ ვეთანხმები. ცხადია, ეკლესიის წევრებმაც არ უნდა გააკეთონ ისეთი გზავნილები, რომელიც პოლიტიკურ დონეზე ეროვნულ ინტერესებს დააზიანებს. ეს არის ძალიან მკაფიო. რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის ამ პოზიციაზე ვიდექით და შეიძლება ჩემთვის პირადად სამწუხარო იყოს კონკრეტული კრიტიკა პატრიარქის მიმართ, მაგრამ სეკულარულ, ღია ტიპის საზოგადოებაში ეს არის ნორმა, დემოკრატია, მიუხედავად იმისა მომწონს თუ არა. ჩემი აზრით, მთავარი იყო მსოფლიო პატრიარქის, ბართლომეოსის ჩამოსვლა საქართველოში. ეს იყო თანადგომა და სოლიდარობა. პოლიტიკური და საეკლესიო გზავნილებიც მოვისმინეთ. ის, რომ კონკრეტულმა ადამიანებმა არ გამოთქვეს რაღაც ტიპის დამოკიდებულება განცხადებებში, მათი გადასაწყვეტია. შეიძლება, სამწუხარო იყოს, თუმცა ფაქტია, რომ ჩვენს ქვეყანას ევროპაში, ბრიუსელში ჰყავს მეგობრები, რომლებიც ყველაფერს აკთებენ, რათა ჩვენი ქვეყანა იყოს ევროპულ, ქრისტიანულ გზაზე. ყველაზე დიდი ქრისტიანული გაერთიანება არის ევროპის კავშირი და ევროპის კავშირში არის საქართველოს ადგილი“, – განაცხადა ლაშა ფარულავამ.
0
0