
მიმდინარე წლის 1- 2 მარტს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ლაიონსების თვალის დიაბეტურმა კლინიკა-საქართველომ, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თვალის სნეულებათა დეპარტამენტთან ერთად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრთათვის, მორიგი, 29-ე უფასო ოფთალმოლოგიური გამოკვლევები ჩაატარა.
საქველმოქმედო სამედიცინო აქციაში მონაწილეობა მიიღო კვალიფიციურ მედიკოსთა 12 კაციანმა ჯგუფმა (ოფთალმოლოგები, ენდოკრინოლოგი) მაღალტექნოლოგიური აპარატურით.
საქველმოქმედო აქციით ისარგებლა სამსახურის 160-მა ბენეფიციარმა და მათ ოჯახის წევრმა. ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს, უსასყიდლოდ გადაეცათ 320 ოპტიკური სათვალე და 30 გლუკომეტრი.
აქციის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის, სოციალურ საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი, ვალერიან ძებისაშვილი, ამავე დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი, ვაჟა დალაქიშვილი, სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს უფროსი, რევაზ გაბუნია და სამედიცინო ცენტრის "დიომედ აფხაზეთი" ზუგდიდის ფილიალის მენეჯერი, ირინა ჩარგაზია.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ლაიონსების თვალის დიაბეტურ კლინიკა-საქართველოს შორის, პირველად, 2016 წელს გაფორმდა და ყოველწლიურად განახლდება.
მემორანდუმის ფარგლებში, ლაიონსების თვალის დიაბეტურმა კლინიკა-საქართველომ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დღეის ჩათვლით, 29 საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც, სამსახურის 3354 ბენეფიციარს, უსასყიდლოდ ჩაუტარდათ კვალიფიციური, ოფთალმოლოგიური გამოკვლევები; ამასთან, უსასყიდლოდ ჩატარდა სხვადასხვა სახის მიკროქირურგიული ოპერაციებიც და ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს, უფასოდ გადაეცათ 4767 სათვალე;
ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, საქველმოქმედო სამედიცინო აქციები, მთელი საქართველოს მასშტაბით, კვლავ ჩატარდება, რომელთა შესახებ, ინფორმაცია, ვეტერანებს, წინასწარ მიეწოდებათ.
0
0