
შპს „საქართველოს მელიორაცია“ სამელიორაციო ინფრასტრუქტურის აღდგენა-მოწესრიგების სამუშაოებს აქტიურად ახორციელებს, რათა რეგიონებში სარწყავი სისტემის გამართულად ფუნქციონირება და აგროსექტორის განვითარება უზრუნველყოს.
ამ ეტაპზე კომპანიამ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში კაბალისა და ბაისუბნის სარწყავი არხების სათავე-ნაგებობების წმენდის სამუშაოები დაასრულა. არხები ნატანის, გრუნტისა და სხვადასხვა სახის ნარჩენებისგან გაიწმინდა, რაც მნიშვნელოვნად აფერხებდა წყლის გამტარუნარიანობას.
სათავისა და არხების გაწმენდის შედეგად, სარწყავი სისტემა სეზონზე უფრო გამართულად იმუშავებს და წყალუზრუნველყოფის ხარისხი დაახლოებით 150 ჰექტარ მიწის ფართობზე გაუმჯობესდება, რაც გაზრდის მიწის ნაყოფიერებას და ადგილობრივ ფერმერებს საქმიანობას გაუადვილებს.
კახეთში, 2012-2024 წლებში განხორციელებული სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტების შედეგად, 20 140 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობია წყალუზრუნველყოფილი, სარწყავი წყლის მიწოდება 16 285 ჰექტარზე გაუმჯობესდა, დრენირებული მიწის ფართობის რაოდენობა 8 725 ჰექტარია.
0
0