
სოციალური ქსელის მომხმარებელი, თომა ლიპარტიანი ფეისბუქის პირად გვერდზე წერს, რომ რუსთაველის გამზირზე, "ლაღიძის" კაფეში მენიუ მხოლოდ რუსულ ენაზე აქვთ შედგენილი.
"28 ივლისს, სანისთან (ჩვენი ამერიკელი მღვდელი) ერთად ლაღიძის კაფეს ვესტუმრე, რუსთაველზე. როცა მენიუ მოვიძიეთ, აღმოჩნდა, რომ მხოლოდ რუსული აქვთ, არც ქართული და არც ინგლისური. კიდევ ერთხელ – მხოლოდ რუსული მენიუ აქვს კაფეს, რომელიც თბილისის გულშია.
რა თქმა უნდა პროტესტი გამოვხატე, მიმტანმა პასუხისმგებლობა მოიშორა და მასზე ზემდგომი მოიყვანა, რომელმაც მითხრა, რომ ქართული მენიუები გაუთავდათ (ეს რა ფენომენია? მენიუ როგორ უნდა გათავდეს?) და დღეს ახალს მოიტანენო, ორი დღეა, რაც არ გვაქვსო.
მიმტანს ვეკითხები – აქ თუ გინახავთ ქართული მენიუ-მეთქი, მპასუხობს – არაო. ვეკითხები, აქ რამდენი ხანია რაც მუშაობთ-მეთი და მიპასუხა, სამი კვირაო.
ანუ მინიმუმ სამი კვირაა, ოპერის მეორე მხარეს, შუაგულ თბილისში, აქვთ მხოლოდ რუსული მენიუ. არ მინდა, შეფასება გავაკეთო, უბრალოდ მრცხვენია, რომ მონური სული იმაზე მეტად მძვინვარებს, ვიდრე ოდესმე”, – წერს თომა ლიპარტიანი.
0
0