
"კვოტირება შეიძლება საერთოდ არ გქონდეს და ძალიან ბევრი ქალი გყავდეს პოლიტიკაში,"- ეს განცხადება პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში, გენდერული კვოტირების გაუქმების საკითხზე საუბრისას გააკეთა.
მისივე თქმით, იმუშავა თუ არა გენდერული კვოტირებით წახალისების სქემამ დადებითად, მომავალი მოწვევის პარლამენტში გამოჩნდება იმის მიხედვით, თუ როგორ დააკომპლექტებენ პარტიები თავიანთ საარჩევნო სიებს.
"კვოტირება შეიძლება საერთოდ არ გქონდეს და ძალიან ბევრი ქალი გყავდეს პოლიტიკაში. ეს ჩემი პირადი მოსაზრებაა, არასდროს დამიმალავს და კოლეგა ქალ დეპუტატებთან არაერთხელ მისაუბრია ამაზე: კი ბატონო, კარგია წახალისების მექანიზმი, როდესაც ვახდენთ წახალისებას, მაგრამ ეს საფუძვლიანად არ ცვლის და ვერ შეცვლის სურათს. ქალები აუცილებლად უნდა გაძლიერდნენ სხვადასხვა დონეზე, აუცილებლად უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა იყვნენ აქტიურად ჩართულები საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროებში. პარლამენტში ყოფნა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, როდესაც შენ წარმოადგენ საზოგადოების გარკვეული ნაწილის ინტერესებს და ეს თავისთავად მოხდება, თავისთავად იქნება.
მე დარწმუნებული ვარ, რომ იქნება მეტი ქალი მმართველ ძალაში, რადგან დღესაც ჩვენს გუნდში არიან ძალიან ღირებული ქალები, რომელთაც ძალიან დიდი წვლილი შეაქვთ თუნდაც იმ პოლიტიკის განხორციელებაში, რაც აქვს პარტიას და გუნდურად, ერთობლივად, ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში ვიღებთ მონაწილეობას.
მე არასდროს დამიყვია ქალი და მამაკაცი, როდესაც ქვეყანას და მნიშვნელოვან პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს ეხება საქმე, ყველას წვლილი ერთნაირად მნიშვნელოვანია. აქედან გამომდინარე, მე მოველი, რომ ამ ღირებულ ქალბატონებს ექნებათ ღირსეული ადგილი შემდგომ პარლამენტში,"- აცხადებს მაკა ბოჭორიშვილი.
0
0
გარდაიცვალა ლევან გაჩეჩილაძე
20/08/2025