
პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე სასამართლოსთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხისთვის უნდა ეყარათ კენჭი.
სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ კიდევ ერთხელ უცხადებენ ქართველ მოსამართლეებს სოლიდარობას და დღესაც საპარლამენტო უმრავლესობა არ გაივლის რეგისტრაციას.
ამასთან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ სრულ სოლიდარობას უცხადებს უმრავლესობის გადაწყვეტილებას, ამავე დროს, როგორც სხდომის თავმჯდომარე, გაივლის რეგისტრაციას.
„ვინაიდამ შევატყვე, გუშინ ცოტა არითმეტიკა აგერიათ და 51-ად თვლიდით საკუთარ თავს, ერთი რეგისტრაცია გახლდათ ჩემი რეგისტრაცია, როგორც სხდონის თავმჯდომარის. სრულ სოლიდარობას ვუცხადებ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მიიღო უმრავლესობამ, ამავე დროს, როგორც სხდომის თავმჯდომარე გავდივარ რეგისტრაციას, რადგან შემდეგ საჭიროა მათ შორის, სხსომის დახურვაც“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
რეგისტრაცია გაიარა პარლამენტის 52-მა წევრმა. შესაბამისად, კვორუმის არარსებობის გამო კენჭისყრა ვერ შედგა.
ოპოზიციის წარმომადგენლების მოთხოვნაა, კომისიამ სასამართლო სფეროში კორუფციისა და ნეპოტიზმის სავარაუდო ფაქტები და მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის მხრიდან მოსამართლეებზე ზემოქმედების შესაძლო შემთხვევები გამოიძიოს.
0
0