
ექსპერტ მამუკა არეშიძის შეფასებით, NDI-ისა და IRI-ის ტიპის საჯარო კვლევები ყოველთვის მანიპულაციისა და საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბება-ფორმირებისთვის არის საჭირო და მორჩა.
„ობიექტური რომ ვიყო, ვიტყვი, რომ ხელისუფლების შესახებ გამოთქმული აზრიც მანიპულაციისთვის არის. ჩვენ რომ ამის გარჩევა დავიწყოთ, როგორი ტიპის მანიპულაციაზეა ლაპარაკი, ძალიან შორს წავალთ, მაგრამ თუ თქვენ მეკითხებით, მჯერა თუ არა ამ კვლევების, რასაკვირველია, გარკვეული ტენდენცია შეიძლება, იყოს, მაგრამ ციფრების არასოდეს არ მჯერა. მე არ ვარ სოციოლოგი, მაგრამ არაერთხელ ჩავიხედე კვლევების მეთოდოლოგიაში. თან, რაც მთავარია, ვინც ამ კვლევებს აწარმოებს, ვიცი, ვინ არიან. აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ, რასაკვირველია, მანიპულაციის საშუალებაა და ეს არც არის კრამოლა, ეს არ არის კრიმინალი. დღეს ასეთი მეთოდოლოგიით მუშაობს სამყარო“, – განაცხადა არეშიძემ.
მისი თქმით, ეს მანიპულაცია ზოგ შემთხვევაში ეფექტიანია, თუმცა ყველაფერი ცვდება.
„ხომ არ შეიძლება, წლიდან წლამდე ერთსა და იმავე თემაზე იყოს ლაპარაკი?! ჩემთვის აქ ერთ საკითხს აქვს მნიშვნელობა და ეს საკითხი არის ძალიან სერიოზული. მე არ მომწონს საზოგადოებაში ნიჰილიზმის ზრდა, რადგან სახელმწიფო პოლიტიკის მეშვეობით იმართება და პოლიტიკოსებისა და პოლიტიკის მიმართ ნიჰილიზმი იწვევს სახელმწიფოს მშენებლობის შეჩერებას“, – განაცხადა არეშიძემ.
მისივე თქმით, "ყველაზე მოარული შეკითხვა რა არის საზოგადოებაში? – ერთი კაცი მაჩვენეთ, ვინც გამოკითხესო. აი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – აღნიშნა მან.
შეკითხვაზე, არის თუ არა მოსალოდნელი ოპოზიციის გაერთიანება 2024 წლის არჩევნებისთვის, რადგან ოპოზიცია აცხადებს, რომ, ჯამურად, მათი პროცენტული მაჩვენებელი გაცილებით მაღალია, ვიდრე „ქართული ოცნების“, მამუკა არეშიძემ განაცხადა, რომ ოპოზიციას გაერთიანება თუ უნდა, ეს უნდა იყოს ყველა - მინუს „ნაციონალური მოძრაობა“.
წყარო: პირველი არხი
0
0