
საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადებას აგრძელებს.
თბილისში, საწვრთნელი შეკრების ფარგლებში გუნდი ბოლო ვარჯიშს 15 ივნისს გამართავს, რის შემდეგაც, ვილი სანიოლის გუნდი, 25 ფეხბურთელის შემადგენლობით, ლარნაკაში გაემგზავრება.
მოახლოებულ ოფიციალურ მატჩებთან დაკავშირებით საქართველოს ნაკრების წევრებმა ხვიჩა კვარაცხელიამ და ზურიკო დავითაშვილმა ისაუბრეს.
„მომზადებულები ვხვდებით თამაშს. თითოეული ფეხბურთელი ძალიან კარგ ფორმაშია. ძალიან ბევრი გახდა ჩემპიონი, მოიგო თასი, რაც მნიშვნელოვანია თავდაჯერებისთვის. ყველაფერს ვაკეთებთ და ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად მოვემზადოთ კვიპროსთან თამაშისთვის. დიდი იმედი მაქვს, რომ წარმატებით დავამთავრებთ ამ თამაშს, გავიმარჯვებთ, რაც წაგვადგება შოტლანდიასთან თამაშისთვის", - ამბობს ხვიჩა კვარაცხელია.
ზურიკო დავითაშვილის თქმით, ნაკრები კვიპროსთან და შოტლანდიასთან მატჩების მოსაგებად არის განწყობილი.
„ვემზადებით მოსაგებად არა მხოლოდ კვიპროსთან, არამედ შოტლანდიასთანაც. ეს ლოგიკურია ჩვენი ნაკრებიდან გამომდინარე. ძალიან კარგი კოლექტივი ვართ, გამოცდილებაც საკმაოდ გვაქვს და იმედი მაქვს, რომ ორივე შეხვედრას ჩვენთვის სასიკეთოდ დავასრულებთ. მოლოდინი, რა თქმა უნდა, გამარჯვებაა.
კარგი სეზონის შემდეგ უფრო თავდაჯერებული ხარ. ჩემთვის, სეზონის მეორე ნახევარი გაცილებით უკეთესი გამოვიდა. იმედი მაქვს, სანაკრებო დონეზე კარგი მატჩებით დავასრულებ სეზონს და გულშემატკივარს გავახარებ“, - ამბობს ზურიკო დავითაშვილი.
კვიპროსი - საქართველოს დაპირისპირება 17 ივნისს, თბილისის დროით 22:45 საათზე, შედგება. ხოლო 20 ივნისს, 22:45 საათზე ეროვნული ნაკრები შოტლანდიას შეხვდება.
0
0