
ლიგა 1-ის ოცდამესამე ტურში პსჟ-მა გასვლაზე „ლიონი“ 3:2 დაამარცხა.
სტუმართა რიგებში ხვიჩა კვარაცხელია ისევ სასტარტოში იყო, მასპინძელთა გუნდის მწვრთნელმა პაულო ფონსეკამ კი კარგ ფორმაში მყოფი გიორგი მიქაუტაძე ძირითად შემადგენლობაში არ დააყენა.
აქტიური კვარაცხელია ლაღად მოქმედებდა, დემბელე მეკარე პერისთან პირისპირ გაიყვანა, მოატყუა, დაარტყა კიდეც, მაგრამ ზედ კარის ხაზიდან ბურთი მატამ გამოიტანა. შემდეგ ხვიჩა რამდენიმე მეურვეს დაუსხლტა, მაგრამ მისი დარტყმული ბურთი მიზანს ასცდა. მომენტი „ლიონმაც“ შექმნა, როდესაც კუმბედის გატანა დონარუმამ არ დაანება.
„კვარამ“ ჩვეულ სტილში თამაში შესვენების შემდეგაც გააგრძელა, მარჯვენა ფლანგიდან ცენტრისაკენ შეიწია, ორი მცველი ჩამოიცილა და მის მიერ შორიდან დარტყმული ბურთი პერიმ მოიგერია. მერე კი ჰაკიმიმ „პარი სენ ჟერმენი“ დააწინაურა.
ცოტა ხანში დემბელემ კვარაცხელიას პასი მიიღო, საჯრიმოში შეიჭრა და პერის კარი დალაშქრა. „ოლიმპიკმა“ შეტევებით უპასუხა, ტესმანს დონარუმამ არ გაატანინა და ხვიჩა ლუის ენრიკემ 68-ე წუთზე მცველით, ერნანდესით შეცვალა, ხოლო შემდეგ დემბელე და ბარკოლაც გაიყვანა მოედნიდან.
მე-80 წუთზე ფოფანა მიქაუტაძემ შეცვალა, ქართველმა მალევე გამოიჩინა თავი - მარიკინიოსი მოატყუა და შერკის ანგარიში შეამცირებინა. თუმცა, მალე ჰაკიმიმ დუბლი შეასრულა.
გიორგი მიქაუტაძემ მაკრატელათიც გამოიჩინა თავი, თუმცა მისი დარტყმული დონარუმამ მოიგერია. „ოლიმპიკმა“ იერიშები გააგრძელა და ტოლისომ სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, ბოლოს მიქაუტაძის დარტყმული მცველმა დაბლოკა და მართლაც ლამაზი მატჩი დასრულდა.
პსჟ 59 ქულით ლიდერია და მომდევნო მატჩს 27 თებერვალს ჩაატარებს - რენში რანგით მეოთხე დივიზიონის „სტად ბრიოშინს“ დაუპირისპირდება, ხოლო „ლიონი“ 36 ქულით მეექვსე პოზიციაზეა და 2 მარტს „ბრესტს“ უმასპინძლებს.
0
0