
ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „არსენალი“ ნამსხვრევებად აქცია. ჩვენ არასდროს გვინახავს ისეთი ფეხბურთელი, როგორიც ქართველი გენიოსია, — ამის შესახებ „დეილი მეილში“ გამოქვეყნებულ წერილში ბრიტანელი მიმომხილველი კრეიგ ჰოუპი წერს.
„ხვიჩა კვარაცხელია მთავარი ვარსკვლავი იყო „არსენალისა“ და „პარი სენ-ჟერმენის“ მატჩისას. ქართველი გარემარბი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ მატჩში შეუჩერებელი გახლდათ. მიკელ არტეტამ „არსენალის“ გულშემატკივრებს მხარდაჭერა თხოვა, მაგრამ უფრო კარგი იქნებოდა, მისი გუნდის მცველებს ხვიჩას განეიტრალება ეცადათ. „პარი სენ-ჟერმენის“ ქართველი ფეხბურთელი უბრალოდ შეუჩერებელი იყო.
24 წლის ფეხბურთელში, შეიძლება, დავინახოთ ჯეკ გრილიშის მსგავსი იმიჯი, ჩამოშვებული გამაშები და შიშველი წვივები, თუმცა შედარება ამით სრულდება. როდესაც კვარაცხელიამ მეოთხე წუთზე ბურთი მიიღო, კარისკენ გაიქცა. ამან „არსენალი“ შეაშინა. მას მხოლოდ ბურთის შენარჩუნება არ სურდა, ის რისკზე წავიდა. ჯილდო კი უსმან დემბელეს პირველი გოლი იყო. ეს იყო გუნდური ეპიზოდი, მაგრამ გარღვევა სწორედ ხვიჩას ეკუთვნოდა.
მის შესაჩერებლად თავდაპირველად ერთი მცველი იყო მობილიზებული, შემდეგ — ორი, ბოლოს კი — სამი: იურიენ ტიმბერი, უილიამ სალიბა და ბუკაიო საკა. ტიმბერის სასოწარკვეთილი მცდელობის შემდეგ კვარაცხელიას პენალტი უნდა მოეპოვებინა. არტეტამ ტრიბუნებისკენ გაიხედა და ხელები ზემოთ ასწია. სულ რაღაც 20 წუთის შემდეგ „არსენალი“ სუნთქვაშეკრული იყო და შეტევაში იდეებიც აღარ ჰქონდა. ტიმბერმა მისი შეჩერება უხეშობით სცადა, ამით ფეხბურთით სიამოვნება ნამდვილად ვერ მიიღო, თუმცა რამდენიმე წუთით მაინც შეამცირა საფრთხე.
მერე გამოჩნდა დეზირე დუ. ისიც, როგორც ყველა ჩვენგანი, თავიდანვე კვარაცხელიას შოუს უყურებდა. ამ მომენტისთვის მთელი სტადიონის ყურადღება ქართველზე იყო გამახვილებული, მაგრამ მისი თამაში მეტისმეტად მბრწყინავი აღმოჩნდა — ფაქტობრივად, „არსენალის“ გუნდი დააბრმავა. ყველაფერი ეს გასართობი იყო ნეიტრალური გულშემატკივრისთვის, თუმცა არა — „არსენალის“ ლიდერი ბუკაიო საკასთვის, რომელიც 60 000 გულშემატკივართან ერთად სანახაობით დიდად ვერ ტკბებოდა. ამიტომ გადაწყვიტა, თავად შეეცვალა მატჩის სცენარი.
დაგვიანებით, „არსენალი“ გამოცოცხლდა და იმპულსი სწორედ საკასგან მოდიოდა. ამ დროს კი კვარაცხელიამ დაცვაში შესანიშნავად თამაში დაიწყო. ამბობენ, რომ ის წარსულის ფლანგელებს ჰგავს, მაგრამ ეს შედარება უსამართლოა — ჯორჯ ბესტი და კრის უოდლი საკას ნამდვილად არ დაედევნებოდნენ. კვარაცხელიამ კი ეს გააკეთა, რითაც პსჟ-ს უპირატესობა შეუნარჩუნა. უპირატესობა, რომელიც, სავარაუდოდ, ფინალში გასასვლელად გადამწყვეტი იქნება.
ამ მონაცემების გათვალისწინებით, ფინალში ადგილს უფრო კვარაცხელია და „პარი სენ-ჟერმენი“ იმსახურებენ, ვიდრე „არსენალი“. ქართველმა არა მხოლოდ მატჩის საუკეთესო გარემარბი, არამედ მთლიანად შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელი იყო — არა მარტო შეტევაში, არამედ დაცვის ფაზაშიც. ის ხელს უშლიდა მეტოქეს, ედევნებოდა, იგერიებდა და ისეთ მომენტებს აგროვებდა, რაც ტიმბერს არ გამოსდიოდა. ბოლოს კი, სწორედ მან გამოიტანა ბურთი საჯარიმოდან, როცა მასპინძლები გატანას ბოლო წამებზე ცდილობდნენ“, – წერს ბრიტანული გამოცემა.
თარგმანი - "საზოგადოებრივი მაუწყებელი".
0
0