04/03/2023
01:45
სპორტი
ხვიჩა კვარაცხელიამ და „ნაპოლიმ“ იტალიის ჩემპიონატში მორიგი მატჩი გამართეს და სეზონში პირველი საშინაო მარცხი განიცადეს – ლუჩანო სპალეტის გუნდს „ლაციომ“ 1:0 მოუგო.
იტალიის სერია A-ს 25-ე ტურის შეხვედრაში, რომელსაც „სტადიო მარადონამ“ უმასპინძლა, „ლაციომ“ პირველ ტაიმში მასპინძლები დაცვის მარწუხებში მოქცია. ლოგიკური იყო, რომ საწყისი 45 წუთი უგოლოდ დასრულდა.
„ნაპოლიმ“ მეორე ნახევარში მეტოქეზე ზეწოლის გაზრდა სცადა, კვარაცხელიაც რამდენიმეჯერ შეტევის გამწვავებას შეეცადა, მაგრამ ანგარიში „ლაციომ“ გახსნა.
კვარაცხელიას მოგერიებული ბურთი მატიას ვიცინოს მიუგორდა, რომელმაც უძლიერესი დარტყმით „ნაპოლის“ მეკარეს შანსი არ დაუტოვა – 0:1.
„ნაპოლი“ თამაშის გადარჩენას შეეცედა. კუთხურის გათამაშების შემდეგ, კვარაცხელიამ ბურთი „ლაციოს“ საჯარიმოში ჩააწოდა და „ნაპოლის“ ანგარიშის გათანაბრების კარგი შანსი მიეცა, მაგრამ ბურთი ძელმა მოიგერია და „ლაციო“ გადარჩა.
ანგარიში აღარ შეცვლილა და „ნაპოლიმ“ მიმდინარე სეზონში საკუთარ კედლებში პირველი მარცხი იწვნია – 0:1 და შეწყდა მისი 9-მატჩიანი მოგებათა სერია.
ამ დროისთვის „ნაპოლი“ 65 ქულით ჩემპიონატის ლიდერია და 11 მარტს „ატალანტას“ უმასპინძლებს.
0
0