14/04/2024
16:58
სპორტი
ნაპოლი კიდევ უფრო დაშორდა ჩემპიონთა ლიგის საგზურს, უფრო მეტიც, ევროტურნირებსაც. ფრანჩესკო კალცონას გუნდმა მორიგი ქულები დაკარგა, ამჯერად საკუთარი პუბლიკის წინაშე ფროზინონეს წინააღმდეგ.
აღსანიშნავია, რომ მატჩს ლუჩანო სპალეტი დაესწრო, რომელიც “სტადიო მარადონაზე” პირველად გამოჩნდა მას შემდეგ, რაც გუნდიდან წავიდა.
ნაპოლიმ თამაში ძალიან აქტიურად დაიწყო და საწყის წუთებში ვიქტორ ოსიმენს რეალური მომენტები შეექმნა. ნიგერიელი ჯერ ხვიჩა კვარაცხელიას პასით დარჩა კარგ სიტუაციაში, მაგრამ მეკარემ აჯობა, ხოლო შემდეგ მასთან პირისპირ გასულმა ბურთი კარს ააცილა. ფრანჩესკო კალცონას გუნდმა სწრაფი გოლი მაინც გაიტანა: მე-16 წუთზე მატეო პოლიტანომ საჯარიმოს მისადგომებიდან ბრწყინვალე დარტყმით დალაშქრა მეტოქის კარი.
თუმცა, ნაპოლის დაცვის ხაზის პრობლემების გამოსწორება ამ სეზონში ვერაფრით მოხერხდა, რაც დღესაც გამოჩნდა. 30-ე წუთზე ფროზინონე ახლოს იყო გათანაბრებასთან, როცა ვალიდ შედირამ პენალტი მოიპოვა, მაგრამ ფრანჩესკო კალცონას გუნდი ალექს მერეტმა იხსნა, რომელმაც პენალტი მოიგერია. ამის წყალობით, მასპინძლებმა ტაიმი მოიგეს.
მეორე ტაიმის სტარტზე მერეტმა უხეში შეცდომა დაუშვა საკუთარ საჯარიმოში, როცა არაზუსტი პასი გააკეთა და შედირამ საჩუქარი შეირგო - 1:1. გაშვებული გოლის შემდეგ ნაპოლი თავიდან გააქტიურდა, განსაკუთრებით კვარაცხელია, რომელსაც რამდენიმე საგოლე მომენტი შეექმნა. ჯერ მარჯვენა ახლო კუთხეში დაურტყა მეკარეს, მაგრამ ბურთი ბადეს გარედან მოხვდა, ხოლო ცოტა ხანში ჩვეულ სტილში, მარცხენა ფლანგიდან ცენტრისკენ შეიწია და ძლიერად დაარტყა, მაგრამ სტეფანო ტურატიმ ბურთი კუთხურზე გადააგდო. სწორედ ამ კუთხურს გოლი მოჰყვა: კვარამ დაახლოებით 25 მეტრიდან კარისკენ დარტყმა სცადა, ბურთს გზად ვიქტორ ოსიმენმა შეუცვალა მიმართულება და გაიტანა - 2:1.
კვარას ზედიზედ მეორე საგოლე პასი სერია A-ში
იტალიის ჯერ კიდევ მოქმედ ჩემპიონს მეორე გოლიც არ ეყო მოსაგებად, რადგან 10 წუთში დაცვის ხაზი კიდევ ერთხელ იყო სტატისტის როლში. შედირამ თავით მშვიდად შეძლო გოლის გატანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
დარჩენილ დროში მცდელობების მიუხედავად ანგარიში უცვლელი დარჩა. გამარჯვების გოლთან ყველაზე ახლოს ისევ კვარა იყო, მაგრამ მისი ძლიერი დარტყმა ტურატიმ კვლავ მოიგერია.
ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლის რიგებში ყველა ტურნირზე მიმდინარე სეზონში 40 მატჩი აქვს ჩატარებული და თავი 10 გოლთან ერთად 7 საგოლე პასით გამოიჩინა (2 მოპოვებული პენალტიც). კონკრეტულად სერია A-ში კი, ხვიჩას აქტივში 29 თამაში, 10 გოლი და 6 საგოლე პასია (მან ზედიზედ მეორე ტურში მიითვალა შედეგიანი გადაცემა).
ნაპოლი აუტსაიდერთან დაკაგრული ქულებით კიდევ უფრო დაშორდა ჩემპიონთა ლიგის საგზურს. ფრანჩესკო კალცონას გუნდი 32 ტურის შემდეგ 49 ქულით მხოლოდ მე-8 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 20 აპრილს, სტუმრად ემპოლის შეხვდება.
ფროზინონეს რიგებში ისევ არ უთამაშია გიორგი კვერნაძეს, რომელიც თადარიგში დარჩა. ეუსებიო დი ფრანჩესკოს გუნდს 27 ქულით მე-17 ადგილი უკავია და ეს მისთვის ზედიზედ მესამე ფრე იყო.
0
0