14/01/2023
10:21
სპორტი
ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ შემადგენლობაში ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იყო ტურინის „იუვენტუსთან“ სერია A-ს ტურის ცენტრალურ შეხვედრაში, რომელშიც ნეაპოლელებმა კონკურენტი გამანადგურებელი ანგარიშით დაამარცხეს – 5:1.
„სტადიო მარადონაზე“ ლიდერების დაპირისპირებაში საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი სასტარტო შემადგებლობაში იყო.
"იუვენტუსის" 5:1 დამარცხების შემდეგ, კომენტარი "ნაპოლის" მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ გააკეთა:
"ჩემმა გუნდმა შესანიშნავი მატჩი ძალიან მაღალ ტემპში ჩაატარა. ეს ისაა, რაც უნდა გავაკეთოთ. დიდებული საღამოა, გულშემატკივრებმა მაგრად დაგვიჭირეს მხარი და ფეხბურთელებმა ამისათვის მადლობა გადაუხადეს. სწორად ვმოქმედებდით, მაშინაც კი, როდესაც გოლი გავუშვით და მოწინააღმდეგე თამაშში დაბრუნდა.
ოსიმენის პოტენციალით გაოგნებული ვარ, რომლის რეალიზაცია ბოლომდე არ მოუხდენია. ის ყველაზე ძლიერია.
კვარაცხელიას მსოფლიოს კლასის ფეხბურთელების ტექნიკა გააჩნია, საგოლე ალღო, ბურთის მეკარისთვის ყველაზე ძნელად ასაღებ კუთხეში გადაგზავნა ეხერხება. გეგონება მარჯვენა ფეხით დარტყმას აპირებს, ამ დროს კი ფინტით მარცხნივ გადის. ძლიერია ფიზიკურად და ტექნიკურად. მესმის, მის მსგავს ფეხბურთელებს არ მოსწონთ ძალისმიერი ორთაბრძოლები და დაცვითი ფუნქციების შეთავსება.
სკუდეტო? ეს გამარჯვება პირველ რიგში საკუთარი თავისთვის გზავნილია. მეტოქეს ვაჯობეთ და მოგება დავიმსახურეთ", განაცხადა სპალეტიმ.
0
0