05/06/2023
08:04
სპორტი
„ნაპოლი“ სერია A-ს ბოლო ტურში „სამპდორიას“ დაუპირისპირდა და 2:0 დაამარცხა. მატჩის დაწყებამდე „სტადიო მარადონაზე“ „ნაპოლის“ ქართველ თავდამსხმელს სერია A-ს საუკეთესო მოთამაშის ჯილდო გადასცეს.
ხვიჩა კვარაცხელია ნეაპოლელთა ძირითად შემადგენლობაში იყო. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ „ნაპოლიმ“ ანგარიშის გახსნის შანსი 64-ე წუთზე მიიღო. ვიქტორ ოსიმენის წაქცევისთვის „სამპდორიას“ კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც თავად ნიგერიელმა უნაკლოდ შეასრულა და 26-ე გოლი მიითვალა.
83-ე წუთზე „ნაპოლი“ კაცნაკლული დარჩა. ჯანლუკა გაეტანო დაშავდა და რადგან მასპინძლებს ხუთივე შეცვლის უფლება გამოყენებული ჰქონდათ, ახალგაზრდა მოთამაშე ვერავინ ჩაანაცვლა. ამის მიუხედავად, „ნაპოლიმ“ მეორეც გაიტანა – ჯოვანი სიმეონემ 85-ე წუთზე შორიდან ძლიერად დაარტყა და ეფექტური გოლის ავტორი გახდა.
„ნაპოლიმ“ 33-წლიანი პაუზის შემდეგ ჩემპიონობა დაიბრუნა, 38 მატჩში 90 ქულა დააგროვა და ტიტული მესამედ მოიპოვა – დიეგო მარადონას ეპოქის შემდეგ ნეაპოლურმა გუნდმა წარმატებას პირველად მიაღწია.
ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ში სეზონი პირველივე სეზონში „ნაპოლის“ერთ-ერთი ლიდერი გახდა და გუნდის ჩემპიონობაში უდიდესი როლი ითამაშა. 22 წლის თავდამსხმელი პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელიც ტოპ 5 ლიგაში წლის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. კვარაცხელიამ ჩემპიონატი 12 გოლით და 10 საგოლე გადაცემით დაასრულა და, საუკეთესო მოთამაშის სტატუსთან ერთად, სეზონის საუკეთესო ასისტენტიც გახდა.
აღსანიშნავია, რომ მატჩის დასრულების შემდეგ, სეზონის ტრიუმფატორებმა სერია A-ს გამარჯვების თასი აღმართეს, ხოლო დიეგო მარადონას სახელობის სტადიონი შთამბეჭდავი, ფერადი ფოიერვერკით განათდა.
0
0