26/01/2025
02:02
სპორტი
დიდი მოლოდინის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიამ „პარი სენ-ჟერმენის“ შემადგენლობაში სადებიუტო შეხვედრა „პარკ დე პრენსზე“ ჩაატარა – პარიზელებმა „რეიმსს“ უმასპინძლეს და ფრედ ითამაშეს – 1:1.
მატჩის დაწყებამდე ხვიჩა ქომაგების წინაშე წარადგნეს – მთელი სტადიონი ქართველის სახელს სკანდირებდა. „კვარამ“ თამაში აქტიურად დაიწყო და უკვე მე-4 წუთზე მეტოქის მცველს ყვითელი ბარათი მიაღებინა.
მეორე ნახევრის დასაწყისში კი ახალ გუნდში პირველად გაიბრწყინა – საჯარიმოსთან მცველებს ეფექტურად გასცდა, თანაგუნდელთან „კედელი“ გაითამაშა და პირველი საგოლე გადაცემა შეასრულა – დასარტყმელ პოზიციაზე უსმან დემბელე დატოვა, რომელმაც ანგარიში გახსნა. მალე თავად ხვიჩა შეეცადა ბურთის გატანას, მაგრამ „რეიმსის“ მეკარემ საიმედოდ ითამაშა.
56-ე წუთზე სტუმრებმა ანგარიში გაათანაბრეს – სწრაფი კონტრშეტევა კეიტო ნაკამურამ ზუსტი დარტყმით დააგვირგვინა – 1:1.
პსჟ ამ სეზონში ლიგა 1-ში დაუმარცხებელია და 19 ტურის შემდეგ 47 ქულით პირველ ადგილზეა.
ლუის ენრიკემ სადებიუტო შეხვედრაში კვარაცხელია სამ პოზიციაზე ათამაშა – ხვიჩამ შეხვედრა მარცხენა ფლანგზე დაიწყო, შემდეგ მწვრთნელმა მოედნის ცენტრში გადაიყვანა, ბოლოს კი ნომინალური თავდამსხმელის პოზიციაზე ათამაშა. ქართველმა 83 წუთი ითამაშა და მენდეშთან ერთად მეორე საუკეთესო შეფასება დაიმსახურა – 7,2 ქულა.
პარიზელები მომდევნო შეხვედრას 29 იანვარს ჩემპიონთა ლიგაზე გერმანიაში „შტუტგარტთან“ გამართავენ.
0
0