01/02/2025
22:18
სპორტი
ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ საფრანგეთის ლიგა 1-ში „ბრესტს“ ესტუმრა და 5:2 დაამარცხა. ამ გუნდს პარიზელები მალე ჩემპიონთა ლიგაზე დაუპირისპირდებიან.
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ძირითად შემადგენლობაში იყო. ხვიჩას თავის გამოჩენის შესაძლებლობა პირველივე ტაიმში ჰქონდა, მაგრამ რეალური საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი კი ჯერ გუნდთან ადაპტაციას გადის და იგრძნობა, რომ ფეხბურთელებთან შეთამაშების პრობლემა აქვს. საბოლოოდ, ლუის ენრიკემ კვარაცხელია 59-ე წუთზე შეცვალა.
პსჟ-მა ანგარიში 29-ე წუთზე გახსნა. ფრედი ბარკოლას გადაცემით ბურთი უსმან დემბელემ გაიტანა. მართალია, 50-ე წუთზე დელ კასტილიომ წონასწორობა აღადგინა, მაგრამ დემბელემ 56-ე და 62-ე წუთებზე კიდევ ორი გოლი გაიტანა და ჰეთთრიკი შეასრულა. „ბრესტმა“ აჟორკეს (71) გოლით სხვაობა მინიმალურამდე შეამცირა და თამაშის გადარჩენის იმედი გაუჩნდა, მაგრამ გონსალო რამოშმა (89, 90+7) დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
„პარი სენ-ჟერმენი“ 20 ტურის შემდეგ 50 ქულით პირველ ადგილზეა და უახლოეს მდევარ „მარსელს“ 13 ქულით ასწრებს. პარიზელები ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში „ბრესტს“ 11 თებერვალს სტუმრად, 20 თებერვალს კი საკუთარ მოედანზე შეხვდებიან.
0
0