02/02/2025
00:00
მსოფლიო
სერბეთის ქალაქ ნოვი სადში საპროტესტო აქციის დროს დემონსტრანტებმა სამი ხიდი გადაკეტეს.
როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, რკინიგზის სადგურის სახურავის ჩამონგრევის გამო გამართულ ანტისამთავრობო დემონსტრაციაში ათობით ათასი ადამიანი მონაწილეობდა. დემონსტრანტები ხელისუფლებას კორუფციაში ადანაშაულებენ.
საპროტესტო აქციის მონაწილეებს რამდენიმე საათის განმავლობაში გადაკეტილი ჰქონდათ მდინარე დუნაიზე ორი ხიდი, რის შემდეგაც მესამე, თავისუფლების ხიდზე 2 თებერვლამდე დარჩენა გადაწყვიტეს.
მიმდინარე კვირას საპროტესტო გამოსვლების ფონზე გადადგა სერბეთის პრემიერ-მინისტრი მილოშ ვუჩევიჩი. მანამდე, რკინიგზის სადგურის სახურავის ჩამონგრევის გამო თანამდებობა დატოვა ორმა მინისტრმა – მშენებლობის, ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის, ასევე ვაჭრობის სამინისტროების ხელმძღვანელებმა.
სადგურის განახლებული სახურავი პირველ ნოემბერს ჩამოინგრა, რასაც 15 ადამიანი ემსხვერპლა. მომხდარის გამო ამ დროისთვის ბრალი 13 ადამიანს აქვს წაყენებული, თუმცა საპროტესტო აქციის მონაწილეები და ოპოზიცია მომხდარს პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩის მთავრობაში კორუფციას და არასათანადო მართვას უკავშირებენ.
ალექსანდ ვუჩიჩი აცხადებს, რომ ის გადადგომას არ აპირებს. ასევე მისი თქმით, ის მომავალ კვირას გადაწყვეტს, წარადგინოს ახალი პრემიერ-მინისტრი თუ ვადამდელი არჩევნები დანიშნოს.
0
0