02/02/2025
00:18
პოლიტიკა
რეჟიმი ამკვიდრებს ლავრენტი ბერიას სტილს, უბრალოდ ამ კინოს დასასრული ყველასთვის ცხადია - ისეთი თვითნებობაა, რომ შესაძლოა ხვალ ხე და ბუჩქი სტრატეგიულ ობიექტად გამოაცხადონ,- ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ რუსთაველის გამზირზე, მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, "ინტერპრესნიუსს" განუცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლებას ეშინია და მიიჩნევს, რომ საზოგადოებაზე ჯარიმების სიდიდემ ვერ იმუშავა.
„ჩვენს წინაშეა ბერიას საუკეთესო ტრადიციებში მიღებული გადაწყვეტილება - „მაჩვენე ადამიანი და მე გაჩვენებ რა მუხლი უნდა მივუყენოთ მას“ - ეს იყო ბერია და მისი მართვის სტილი. ის, რაც აქტივისტებთან და ხვალინდელ აქციასთან დაკავშირებით მოხდა არის ის, რომ ჯერ პროტესტი დაიგეგმა და შემდეგ ხელისუფლება დაფაცურდა. რეჟიმი ამკვიდრებს ლავრენტი ბერიას სტილს, უბრალოდ, ამ კინოს დასასრული ყველასთვის ცხადია. მაგრამ ისეთი თვითნებობაა, რომ შესაძლოა, ხვალ ხე და ბუჩქი სტრატეგიულ ობიექტად გამოაცხადონ. შიშს დიდი თვალები აქვს, ფაქტია საზოგადოებაზე ჯარიმები არ მოქმედებს",- განაცხადა ანა დოლიძემ.
ცნობისთვის, „სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხას“ საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზები დაემატა. შესაბამისი დადგენილება მთავრობამ 31 იანვარს გამოსცა და მას ხელს ირაკლი კობახიძე აწერს.თავის მხრივ, საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზები „საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ დადგენილებითაა განსაზღვრული. აღსანიშნავია, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულია და ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) ჯგუფურად; ბ) არაერთგზის - ისჯება გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.
შეგახსენებთ, რომ „ბოლომდე“ - ამ ლოზუნგით, 2 თებერვალს, თბილისის შემოსასვლელის გადაკეტვა იგეგმება. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დედაქალაქის შემოსასვლელის გადაკეტვა „თბილისი მოლთან“, 16:00 საათზე იგეგმება.
0
0