02/02/2025
00:11
პოლიტიკა
მათი მხრიდან მთლად გააზრებული ქმედება არ იყო - სამოქალაქო აქტივისტებთან სახლში შევარდნას ვგულისხმობ. რუსული სისტემაა ასეთი, რომ ჰგონიათ, დაშინებამ რუსეთში რომ იმუშავა, აქაც იმუშავებს, - ამის შესახებ „სტრატეგია - აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ, რუსთაველის გამზირზე, მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, "ინტერპრესნიუსს" განუცხადა.
მისი თქმით, სისტემა ყოველდღიურად უფრო და უფრო სუსტდება და „პირველი მერცხალი“, რომელიც „ქართულ ოცნებასა“ და მის საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს განუდგება, მაღალი რანგის პირები იქნებიან, რათა საერთაშორისო პასუხისმგებლობას თავი აარიდონ.
„დღითიდღე ეს სისტემა სუსტდება და დღეს კი მათი მხრიდან მთლად გააზრებული ქმედება არ იყო - სამოქალაქო აქტივისტებთან სახლში შევარდნას ვგულისხმობ. რუსული სისტემაა ასეთი, რომ ჰგონიათ დაშინებამ რუსეთში რომ იმუშავა, აქაც იმუშავებს. ამიტომ ხვალ, 4 საათზე, „თბილისი მოლთან“ ძალიან ბევრნი უნდა მივიდეთ და მძლავრი პროტესტი უნდა გავაგრძელოთ.
ევროსაბჭოს რეზოლუცია ფაქტობრივად საერთაშორისო ასპარეზზე გარღვევა იყო, სადაც ახალი არჩევნების პირდაპირი მოთხოვნაა. საჭიროა, ერთად ვიდგეთ, რომ აპრილამდე ახალი არჩევნები დაინიშნოს.
„ქართულ ოცნებას“ ჰგონია, რომ რუსული სახელმძღვანელოთი - თუ დააშინებ, უფრო იმუშავებს - ეს კი რუსულ საზოგადოებაზე მუშაობს და არა ქართულზე. კობახიძემ ეს უნდა იცოდეს და გაიაზროს.
„ქართულ ოცნებას“ სულ უფრო ნაკლები რესურსი აქვთ, რომ გაძლონ, მაინც ციხე შიგნიდან ტყდება და მგონია, რომ პირველი მერცხალი მაღალი რანგის პირები იქნებიან, რომლებიც ბიძინა ივანიშვილს გაემიჯნებიან",- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
0
0