
"კურიერის" ინფორმაციით, ირაკლი კუპრაძე და ბერდია სიჭინავა ბერლინში გიორგი გახარიასთან შესახვედრად გაემგზავრნენ.
არსებული ინფორმაციით, "ლელო საქართველოსთვის" გენერალური მდივანი და "გახარია საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი, გიორგი გახარიამ დაიბარა, რადგან პარტიები 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებისთვის კანდიდატებზე ვერ თანხმდებიან.
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი "ლელოს" და გახარიას პარტიის წარმომადგენელს ურჩევს, საქართველოში გიორგი გახარიასთან ერთად დაბრუნდნენ და არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა.
"თუ რამე შეგვიძლია მათ ვურჩიოთ, ეს არის ის, რომ თავის ლიდერთან ერთად დაბრუნდნენ საქართველოში და მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. სხვა ყველაფერი დანარჩენი არის პოლიტიკური იწილო-ბიწილო. სიებზე შეთანხმება იმ დროს, როდესაც შესაძლოა ვერც ერთი კანდიდატი ვერ შეიყვანონ საკრებულოებში ღიმილის მომგვრელია. გასაგებია რომ ვერ თანხმდებიან, რადგან ამ ადამიანების ერთობა არის არა მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ საკუთარი პოლიტიკური ამბიციებიდან გამომდინარე. შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. საბოლოო ჯამში, ერთი სია იქნება, ორი თუ ოცდაათი, ექნებათ ის შეფასება, რომელსაც იმსახურებენ მოსახლეობის მხრიდან", - განაცხადა ლევან მახაშვილმა.
0
0