
კულტურის სამინისტროსა და სსიპ შემოქმედებითი საქართველოს მხარდაჭერით, ქართველი პოპარტ ხელოვანი სანდრო მაღლაკელიძე (STG) საქართველოს, საერთაშორისო ხელოვნების მნიშვნელოვან პლატფორმაზე წარადგენს. ხელოვანი მონაწილეობას მიიღებს გამოფენაში Red Dot Miami (Art Basel Week 2026), რომელიც 2026 წლის 2–6 დეკემბერს, აშშ-ის ქალაქ მაიამიში გაიმართება.
გამოფენაში მონაწილეობა ხორციელდება საერთაშორისო კურატორის, Liz Wood Art Selection-ის დამფუძნებლის, ლიზ ვუდის ოფიციალური მოწვევის საფუძველზე. ხელოვანი შეირჩა კურატორის მიერ ორგანიზებული შიდა საკონკურსო პროცესის შედეგად, რაც ადასტურებს მისი შემოქმედების მიმართ საერთაშორისო პროფესიულ ინტერესს.
პროექტის მიზანია ქართული თანამედროვე ხელოვნების, კერძოდ, პოპარტის მიმართულების საერთაშორისო პოპულარიზაცია, ქართველი ხელოვანის წარმოჩენა ამერიკის შეერთებული შტატების სახელოვნებო სივრცეში და გრძელვადიანი პროფესიული კავშირების ჩამოყალიბება საერთაშორისო ხელოვნების ბაზარზე.
პროექტის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება სანდრო მაღლაკელიძის ორი ორიგინალური ფერწერული ნამუშევარი, შესრულებული ტილოზე აკრილის საღებავებისა და მარკერის გამოყენებით. ნამუშევრების მხატვრული კონცეფცია ეფუძნება პოპარტის ესთეტიკას, სიმბოლიზმის ელემენტებით. აღნიშნული მიდგომა აერთიანებს თანამედროვე ვიზუალურ ენას, მკაფიო მხატვრულ გამომსახველობასა და მრავალშრიან სიმბოლურ შინაარსს.
პროექტის განხორციელების საჭიროება განპირობებულია ქართველი თანამედროვე ხელოვანების საერთაშორისო სახელოვნებო სივრცეში ინტეგრაციისა და მათი შემოქმედების ახალი აუდიტორიისთვის გაცნობის მნიშვნელობით. განსაკუთრებით საყურადღებოა პოპარტის მიმართულება, რომლის ფარგლებში ქართველი ავტორების საერთაშორისო ცნობადობის გაზრდა ხელს შეუწყობს საქართველოს თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების მრავალფეროვნების წარმოჩენას.
Miami Art Week საერთაშორისო ხელოვნების კალენდრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პერიოდია, რომელიც მაიამიში აერთიანებს გალერეებს, კურატორებს, კოლექციონერებს, ხელოვანებსა და ხელოვნებით დაინტერესებულ ფართო საზოგადოებას. ამ პერიოდში გამართულ Red Dot Miami-ის გამოფენაში მონაწილეობა ქმნის შესაძლებლობას, ქართული თანამედროვე ხელოვნება წარმოდგენილი იყოს საერთაშორისო პროფესიულ გარემოში.
სანდრო მაღლაკელიძისთვის აღნიშნული პროექტი წარმოადგენს მნიშვნელოვან ეტაპს ადგილობრივი საგამოფენო გამოცდილებიდან საერთაშორისო ასპარეზზე გადასვლის პროცესში. 2024 წლის 9–12 ნოემბერს ხელოვანმა გამართა პერსონალური გამოფენა რია ქებურიას რეზიდენციის ფარგლებში, კაჭრეთის საგამოფენო სივრცეში. Red Dot Miami 2026-ში მონაწილეობა ამ გამოცდილების ლოგიკური გაგრძელება და შემოქმედებითი განვითარების ახალი ეტაპია.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი აქტივობები:
-
ორი ფერწერული ნამუშევრის მომზადება და საერთაშორისო გამოფენაზე წარდგენა;
-
ნამუშევრების ტრანსპორტირებისა და საგამოფენო პროცესთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხების უზრუნველყოფა;
-
ხელოვანის პირადი მონაწილეობა გამოფენაში 2026 წლის 2–6 დეკემბერს;
-
ქართული პოპარტის მხატვრული თავისებურებებისა და ავტორის შემოქმედებითი ხედვის გაცნობა საერთაშორისო აუდიტორიისთვის;
-
პროფესიული კონტაქტების დამყარება საერთაშორისო კურატორებთან, გალერისტებთან, კოლექციონერებთან და სხვა ხელოვანებთან;
-
სამომავლო საგამოფენო, საკურატორო და კომერციული თანამშრომლობის შესაძლებლობების გამოვლენა.
0
0