
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის - „რუსთავის“ კონცერტი გაიმართა.
ანსამბლი მაყურებლის წინაშე განახლებული პროგრამითა და სამოსით წარდგა.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს კულტურის მინისტრმა, თინათინ რუხაძემ.
„ანსამბლი „რუსთავი“ აკადემიური კოლექტივია და დღეს სწორედ იმ პროგრამით წარდგა მაყურებლის წინაშე, რომელიც მისი მრავალწლიანი ტრადიციისა და მაღალი პროფესიონალიზმის საუკეთესო გამოხატულებაა. ამ დიდი საქმის სათავეებთან
იდგნენ ისეთი გამორჩეული ადამიანები, როგორებიც იყვნენ ანზორ ერქომაიშვილი და არაერთი სახელოვანი ქორეოგრაფი, მათ შორის ფრიდონ სულაბერიძე, რომელსაც წელს 85 წელი უსრულდება.
დღეს დარბაზის ოვაციები ნათლად ადასტურებდა, თუ რა ძალა აქვს ქართულ ფოლკლორს, როდესაც ის ასეთ ხარისხშია წარმოდგენილი. შესაბამისად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ „რუსთავი“ წარმატებით წარმოადგენს საქართველოს მსოფლიოს
სხვადასხვა სცენაზე, მათ შორის ჩინეთში გამართულ მასშტაბურ გამოფენაზე, რომელშიც ანსამბლი სულ ახლახან მონაწილეობდა, ასევე, ბრაზილიაში, სადაც უახლოეს პერიოდში მიემგზავრება. წარმატებას ვუსურვებ ანსამბლ „რუსთავს“ მსოფლიოს ყველა სცენაზე, სადაც ქართულ ხელოვნებას,
კულტურასა და ჩვენს უმდიდრეს საგანძურს ღირსეულად წარადგენს“, - განაცხადა თინათინ რუხაძემ.
პროექტი ქართული ფოლკლორის თანამედროვე ფორმებით წარმოჩენას ისახავს მიზნად, თუმცა დაცულია ანზორ ერქომაიშვილის მიერ დამკვიდრებული პრინციპები - ხალხური სიმღერისა და ცეკვის აკადემიური სიზუსტე, მაღალი სასცენო კულტურა
და ტრადიციისადმი პასუხისმგებლობიანი დამოკიდებულება.
ღონისძიების დამდგმელი რეჟისორი ბასა ფოცხიშვილი, დამდგმელი მხატვარი - თამარ ფოცხიშვილი იყო. საღამოს კულტურის მინისტრის მოადგილეები, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების და საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები
ესწრებოდნენ.
0
0