
საქართველოს კულტურის სამინისტრომ ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმის კოლექციისთვის XVIII საუკუნის უნიკალური ქართული ხელნაწერი „იამბიკონი და იკოსნი წმიდისა ღმრთისმშობლისანი“ შეიძინა.
ხელოვნების სასახლის ხელნაწერთა და საარქივო დოკუმენტთა ფონდში განთავსებული ხელნაწერის პრეზენტაციას საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე დაესწრო.
„ეს ხელნაწერი ადასტურებს ქართული ხელოვნების და კულტურის უნიკალურობას და უდიდეს მნიშვნელობას. ყველაფერს გავაკეთებთ შემდგომშიც, რომ ჩვენი უნიკალური კულტურა იყოს შესაბამისად დაცული და მოვლილი“, - განაცხადა თინათინ რუხაძემ.
იამბიკო ძველ ქართულ ჰიმნოგრაფიაში X საუკუნიდანაა ცნობილი. ის იოანე მტბევარის, იოანე მინჩხის, მიქაელ მოდრეკილის, ეზრასა და სხვათა შემოქმედებაში გვხვდება. ქართული იამბიკოს შესანიშნავი ნიმუშია მეფე დემეტრეს (1125-1159) ცნობილი საგალობლის („შენ ხარ ვენახი“) ბოლო ხუთტაეპიანი სტროფი.
ხელნაწერის პირველ გვერდზე მინაწერში აღნიშნულია, რომ იგი ქართველი ისტორიკოსის, მწერლის, მსაჯულის და დიპლომატის, გენერალ-მაიორ ნიკო დადიანის კუთვნილებაა.
იამბიკონის ბოლო გვერდი ისტორიული შინაარსის მინაწერებს ეკუთვნის, მათ შორის განსაკუთრებული ყურადღების ღირსია ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული გაბრიელ ქიქოძის მოხსენიება.
ხელნაწერის ისტორიულ მნიშვნელობასთან ერთად დიდია მისი მხატვრული ღირებულება, იამბიკონის თითქმის ყველა გვერდი სინგურით შესრულებული საზედაო ასოებითაა გაფორმებული, რაც წიგნს ქართული კალიგრაფიული ხელოვნების განსაკუთრებულ ძეგლად წარმოაჩენს.
0
0
7 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
05/05/2025