
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ პრეზიდენტს განსახილველად უკვე წარუდგინა უკრაინის ელჩების კანდიდატურები ჩინეთში, ინდოეთსა და ბრაზილიაში.
როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ფეისბუკგვერდზეა აღნიშნული, უკრაინა გეგმავს ასეთ „განსაკუთრებულ ქვეყნებში“ გაგზავნოს სამთავრობო მუშაობის გამოცდილების მქონე სპეციალისტები მინისტრებისა და მინისტრის მოადგილეების დონეზე.
ელჩების ვინაობა შესაბამისი განკარგულების გამოქვეყნების შემდეგ გახდება ცნობილი.
კულებამ უკრაინის ელჩების ვაკანტურ პოზიციებზე შესარჩევი „კანდიდატების დეფიციტზეც“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო პირველად ქმნის ღია მექანიზმს, რომელიც საშუალებას აძლევს როგორც დიპლომატებს, ასევე დიპლომატიური დეპარტამენტების არა დიპლომატიური უწყებების წარმომადგენლებს, წარადგინონ თავიანთი კანდიდატურა ელჩის პოზიციებზე.
„ჩვენი ამოცანა იქნება ზღვაში ძვირფასი წვეთის პოვნა. ამიტომ, თითოეული კანდიდატი, რომელშიც ჩვენ ვხედავთ პოტენციალს, გაივლის უსაფრთხოების, რეპუტაციის, კომუნიკაციისა და სხვა სახის საფუძვლიან შემოწმებას... განსაკუთრებული ყურადღება ახლა აფრიკის ქვეყნებზე კეთდება. გარდა ამისა, თანაბარი პროფესიული შესრულების პირობებში, უპირატესობას ქალებს მიენიჭებათ“, აღნიშნა კულებამ.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ამ დროისთვის უკრაიანას ელჩი არ ჰყავს 21 ქვეყანაში - კერძოდ, ევროპაში, ლათინურ ამერიკაში, აფრიკაში, ახლო აღმოსავლეთში, სამხრეთ კავკასიასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, უკრაინის ელჩი საქართველოდან, ერთი წლის წინ, რუსეთის ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების დაწყებიდან მალევე გაიწვია.
0
0