31/03/2024
23:18
მსოფლიო
კროკუსის ტერაქტში რუსეთმა უკრაინა ოფიციალურად დაადანაშაულა - მოსკოვი კიევისგან უსაფრთხოების სამსახურის უფროსის გადაცემას მოითხოვს. ოფიციალური განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს გამოაქვეყნა.
განცხადებაში რუსეთი უკრაინას “კროკუს სითი ჰოლზე” მოწყობილ ტერაქტში ოფიციალურად ადანაშაულებს.
"22 მარტს ქალაქ კრასნოგორსკში ჩადენილი სისხლისმღვრელი ტერაქტი, რომელმაც მთელი მსოფლიო შეძრა, ბოლო პერიოდში არაა პირველი ტერაქტი ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. რუსეთის კომპეტენტური ორგანოების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები აჩვენებს, რომ ამ დანაშაულის ყველა კვალი უკრაინამდე მიდის." – წერია განცხადებაში.
განცხადებაში კროკუს სითი ჰოლზე რადიკალი ისლამისტების მიერ მოწყობილ თავდასხმას ადარებენ პროპაგანდისტი ალექსანდრ დუგინის ქალიშვილის, დარია დუგინასა და ომის მხარდამჭერი სამხედრო ბლოგერი ვლადლენ ტატარსკის აფეთქების ფაქტებს, ასევე ყირიმის ხიდზე მიტანილ თავდასხმებს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინისგან მოითხოვს, რომ გადაეცეთ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (СБУ) მეთაური ვასილი მალიუკი.
"ამასთან დაკავშირებით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინის ხელისუფლებას გადასცა მოთხოვნები... მოცემულ ტერაქტთან დაკავშირებული ყველა პირის დაუყოვნებლივ დაკავებასა და გადაცემაზე. ამ მოთხოვნებს შორის არის СБУ-ს მეთაურის, ვ.მალიუკის დაკავებაც." – წერია განცხადებაში.
0
0