
კრივის ლეგენდა, ორი დივიზიონის ყოფილი მსოფლიო ჩემპიონი, დუაით მუჰამედ ქავი 72 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.
ქავი, რომელიც 1953 წელს ბალტიმორში, მერილენდის შტატში დაიბადა, ახალგაზრდობაში შეიარაღებული ძარცვისთვის გასამართლეს და გარკვეული პერიოდი ციხეშიც იჯდა. სწორედ ამ პერიოდში აღმოაჩინა ქავიმ კრივი და დებიუტი 1978 წელს, ციხიდან გათავისუფლების შემდეგ, რამდენიმე თვეში ჰქონდა.
პირველი სამი პროფესიონალური ბრძოლიდან მხოლოდ ერთის მოგების შემდეგ, ქავიმ სწრაფად დააგროვა შთამბეჭდავი გამარჯვებათა სერია ნახევრად მძიმე წონაში, რამაც მას შანსი მისცა WBC-ისა და Ring Magazine-ის მაშინდელ ჩემპიონ მეთიუ საად მუჰამედს დაჰპირისპირებოდა.
ქავიმ მუჰამედი მე-10 რაუნდში, ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა და ციხიდან გათავისუფლებიდან სულ რაღაც რამდენიმე წლის შემდეგ, მსოფლიო ჩემპიონი გახდა. მან სამჯერ დაიცვა თავისი ქამარი, სანამ 1983 წელს მაიკლ სპინკსთან დამარცხდებოდა.
0
0