
პაკისტანელმა სენატორმა მუშტაქ აჰმედმა (ჯამაათ-ე-ისლამის პარტიიდან) ყოველწლიურ საერთაშორისო სილამაზის კონკურსზე „მის სამყარო“ - 24 წლის ერიკა რობინის წარდგენას "სამარცხვინო" უწოდა. პაკისტანის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ანვარ ულ-ჰაკ კაკარმა კი ამ საკითხზე გამოძიების დაწყების ბრძანება გასცა.
სარწმუნოებით ქრისტიანი ერიკა რობინი (წარმოშობით პაკისტანის საპორტო ქალაქ კარაჩიდან) აპირებს, რომ ღრმად კონსერვატიული პაკისტანი სილამაზის კონკურსზე - „მის სამყარო“ - წარადგინოს. ერიკა რობინი მალდივის რესპუბლიკაში გამართულ კონკურსზე ხუთ ფინალისტს შორის „მის სამყარო პაკისტანად“ აირჩიეს.
„მის სამყაროს“ ფინალი, ნოემბერში, ელ-სალვადორში გაიმართება.
"ძალიან სასიამოვნოა, რომ სილამაზის კონკურსზე პაკისტანს წარვადგენ. მაგრამ მე არ მესმის, საიდან მოდის ეს რეაქცია, თითქოს მამაკაცებით სავსე ოთახში საცურაო კოსტუმით უნდა ვიარო.
კონკურსის მეორე შესარჩევი რაუნდის დროს, მთხოვეს დამესახელებინა ერთი რამ, რასაც ჩემი ქვეყნისთვის გავაკეთებდი. მე ვუპასუხე, შევცვლიდი აზროვნებას, რომ პაკისტანი ჩამორჩენილი ქვეყანაა", - განუცხადა რობინმა BBC-ს.
კრიტიკოსები ერიკა რობინის ნომინაციას მწვავედ განიხილავენ, რადგან ქვეყანას არ სურს კონკურსზე წარდგენა, განსაკუთრებით კი იმის გამო, რომ სილამაზის კონკურსები იშვიათია პაკისტანში, რომლის მოსახლეობა მუსლიმია. Miss Pakistan World-ი, რომელშიც მონაწილეობენ პაკისტანური წარმოშობის ქალები მთელი მსოფლიოდან, პირველად ტორონტოში, 2002 წელს, ჩატარდა, ხოლო ლაჰორში - 2020 წელს. კონკურსის 72-წლიან ისტორიაში პაკისტანს საკუთარი წარმომადგენელი „მის სამყაროს“ კონკურსისთვის არასოდეს დაუსახელებია.
მიუხედავად ამისა, მოდელებმა, მწერლებმა და ჟურნალისტებმა რობინს წარმატება მიულოცეს. ჟურნალისტმა მარიანა ბაბარმა მისი "სილამაზე და აზროვნება" Twitter-ზე დადებითად შეაფასა. პაკისტანელმა მოდელმა ვანეზა აჰმედმა განაცხდა: "თუ მამაკაცებისთის სასიამოვნოა საერთაშორისო კონკურსში (სახელწოდებით "მისტერ პაკისტანი") მონაწილეობა, რატომ აქვთ მათ პრობლემა ქალის მიღწევებთან?"
„ჩვენ მრავალი წინააღმდეგობის მქონე ერი ვართ. საერთო ჯამში, პაკისტანი ავტორიტარული სახელმწიფოა და ეს აისახება მკაცრ პატრიარქალურ ღირებულებებში. ერიკა რობინი და მკაცრი პოლიტიკა, რომლის წინაშეც ის დადგა, ამის გაგრძელებაა“, - განუცხადა კარაჩელმა მწერალმა და კომენტატორმა რაფაი მეჰმუდმა BBC-ს.
თუმცა, როგორც BBC-ი წერს, არსებობს ოდესღაც გაცილებით ლიბერალური პაკისტანის არქივიც.
1950-1970-იანი წლების ბოლოს, გაზეთ Dawn-ში გაშუქებული იყო კარაჩის ცენტრში კაბარესა და მუცლის ცეკვის უცხოელი შემსრულებლების რეკლამები. ამ ღამის კლუბებს ხშირად სტუმრობდნენ აქტივისტები, დიპლომატები, პოლიტიკოსები, ბორტგამცილებლები და ახალგაზრდები. კარაჩიში, ისტორიული სასტუმრო მეტროპოლი [Metropole], ასევე საყვარელი ადგილი იყო სიმღერისა და ჯაზის შესასრულებლად. 1973 წელს, პაკისტანის პარლამენტმა მიიღო კონსტიტუცია, რომლის მიხედვითაც, ქვეყანა ისლამურ რესპუბლიკად, ხოლო ისლამი სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა. ოთხი წლის შემდეგ, სამხედრო ლიდერმა გენერალმა ზია ულ-ჰაკმა პრემიერ-მინისტრ ზულფიკარ ალი ბჰუტოს მთავრობა დაამხო. მომდევნო ათწლეულის პერიოდს აქტივისტებმა და იურისტებმა "დრაკონული ფაზა" უწოდეს, რადგან ისლამური კანონი აღსრულდა და პაკისტანის საზოგადოება მკვეთრად შეიცვალა. 1980-იანი წლების შუა პერიოდში გენერალმა ზიამ საჯაროდ ცემით დასჯა აღადგინა, რათა ისლამური კანონისადმი თავისი ერთგულება ეჩვენებინა.
მიუხედავად ამისა, თავისუფლებისა და ტოლერანტობისადმი პაკისტანის ლტოლვა არ გამქრალა და ერიკა რობინიც ერთ-ერთი იმათთაგანია, ვინც მისაღებსა და მიუღებელს შორის საზღვრების გადალახვას ცდილობს.
"მე არცერთ კანონს არ ვარღვევ პაკისტანის წარმომადგენლობით გლობალურ პლატფორმაზე და ყველაფერს ვაკეთებ იმისათვის, რომ მასზე არსებული ნებისმიერი სტერეოტიპი დავძლიო", - თქვა ერიკა რობინმა.
0
0