
ევროკომისიის მიგრაციის და საშინაო საქმეთა გენერალური დირექტორატი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს წერილით მიმართავს.
მიგრაციის და საშინაო საქმეთა გენერალური დირექტორატის წერილში მოთხოვნილია, კომისიას მიეწოდოს განახლებული ინფორმაცია რეკომენდაციების შესრულების თაობაზე და თუკი ჯერ ეს არ არის განხორციელებული, იყოს სათანადო ზომები მიღებული კომისიის რეკომენდაციებში მოცემული საკითხების მოსაგვარებლად.
წერილში ასევე აღნიშნულია, რომ კომისია შეაფასებს რეკომენდაციების შესრულებას ვიზის შეჩერების მექანიზმის მომდევნო ანგარიშის ფარგლებში.
იმის გათვალისწინებით, რომ თქვენი ხელისუფლების მხრიდან შესაბამისი ქმედებები არ განხორციელდა, 2025 წლის იანვარში ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება ევროკავშირსა და საქართველოს შორის უვიზო მიმოსვლის ხელშეკრულების ნაწილობრივ შეჩერების შესახებ და დაასრულა დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის უვიზო რეჟიმი. შესაბამისად, თორმეტმა წევრმა ქვეყანამ უკვე შემოიღო სავიზო მოთხოვნა საქართველოს მიერ გაცემული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის. ამ ნაბიჯს სხვა წევრი ქვეყნებიც მიჰყვებიან.
გთხოვთ, მოგვაწოდოთ განახლებული ინფორმაცია რეკომენდაციების შესრულების თაობაზე და თუკი ჯერ ეს არ არის განხორციელებული, გთხოვთ, მიიღოთ სათანადო ზომები კომისიის რეკომენდაციებში მოცემული საკითხების მოსაგვარებლად.
მჯერა, რომ საქართველოს ხელისუფლება კონსტრუქციულად უპასუხებს ამ გამოწვევას და მიიღებს ყველა საჭირო ზომას რეკომენდაციების სრულად შესასრულებლად. კომისია შეაფასებს მათი შესრულების დონეს ვიზის შეჩერების მექანიზმის მომდევნო ანგარიშის ფარგლებში.
შეფასების შედეგად, იმ შემთხვევაში, თუ დარღვევები გაგრძელდება, კომისიამ შეიძლება, დაიწყოს პროცედურები ვიზის შეჩერების მექანიზმის ასამოქმედებლად, ევროკავშირის რეგულაციის მე-8 მუხლის საფუძველზე.
გთხოვთ, ითანამშრომლოთ ამ მნიშვნელოვანი საკითხის გადაჭრაში. ვადასტურებ, რომ ევროკავშირი კვლავაც რჩება საქართველოსთან მყარი და ღირებულებებზე დაფუძნებული პარტნიორობის ერთგული. პატივისცემით, ბეატე გმინდერი“, – აღნიშნულია ევროკომისიის მიგრაციის და საშინაო საქმეთა გენერალური დირექტორატის წერილში.
წერილს ასევე თან ერთვის რეკომენდაციების სრული სია:
„რეკომენდაციები, რომლებიც ვიზის შეჩერების მექანიზმის მეშვიდე ანგარიშში მიემართება საქართველოს:
- უზრუნველყოს და დაიცვას საქართველოს ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის შეკრების, გამოხატვის და გაერთიანების თავისუფლება, პირადი ცხოვრების დაცულობის უფლება, საჯარო ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება და დისკრიმინაციის აკრძალვა.
- თავიდან აიცილოს და გააუქმოს ნებისმიერი კანონმდებლობა, რომელიც ზღუდავს ფუნდამენტურ უფლებებს და თავისუფლებებს, არღვევს დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპს და ეწინააღმდეგება ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს. კერძოდ, გაუქმდეს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და პაკეტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ და გადაიხედოს ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რათა სრულად იყოს დაცული LGBTIQ პირების უფლებები.
- შეუსაბამოს საქართველოს სავიზო პოლიტიკა ევროკავშირის სავიზო ვალდებულების მქონე ქვეყნების სიას, განსაკუთრებით იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც ევროკავშირის უსაფრთხოებისთვის ან არალეგალური მიგრაციის კუთხით საფრთხეს წარმოადგენენ.
- გააძლიეროს ქმედებები თავშესაფრის მაძიებელთა დაუსაბუთებელი განაცხადებისა და ევროკავშირის ქვეყნებში არალეგალური დარჩენის შემთხვევების წინააღმდეგ, მათ შორის უვიზო რეჟიმის პირობების შესახებ საინფორმაციო კამპანიების მეშვეობით და საზღვარზე კონტროლის გამკაცრებით.
- შექმნას აქტივები დაბრუნების და მენეჯმენტის ოფისები და გააგრძელოს ძალისხმევა აქტივების მოძიების, გაყინვის, მართვის, კონფისკაციასა და განკარგვის კუთხით.
- მიიღოს ახალი ანტიკორუფციული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, უზრუნველყოს შესაბამისი რესურსი მათი განხორციელებისთვის და განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს მაღალი დონის კორუფციის საქმეების გამოძიებას, სისხლის სამართლებრივ დევნას და განაჩენების გამოტანას.
- შეცვალოს კანონი ანტიკორუფციული ბიუროს შესახებ, რათა შესრულდეს ვენეციის კომისიის ძირითადი რეკომენდაციები, განსაკუთრებით ბიუროს დამოუკიდებლობის, პოლიტიკური ნეიტრალიტეტისა და ფუნქციების ნაწილში.
- შეუსაბამოს პირადი მონაცემების დაცვის შესახებ კანონი ევროკავშირის სამართლებრივ ჩარჩოს“
წერილის თანაადრესატები ასევე არიან საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, გეკა გელაძე და საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი.
0
0