
ეუთო-ს გენერალური მდივნის კრიტიკას ვერ მივიღებთ, რადგან სწორედ იმის გამო, რომ პატივს ვცემთ ჩვენს 170 000-მდე ამომრჩეველს, ვართ პოლიტიკურ ბოიკოტში და მანდატები არ დავიტოვეთ, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა.
მისი თქმით, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტიკური ბოიკოტი არის პოლიტიკური ბრძოლის კანონით მონიჭებული ფორმა და საშუალება.
„ეუთო-ს გენერალური მდივნის კრიტიკას ვერ მივიღებთ. კარგად იცით, რომ სწორედ იმის გამო, რომ პატივს ვცემთ ჩვენს 170 000-მდე ამომრჩეველს, ვართ პოლიტიკურ ბოიკოტში და მანდატები სწორედ ამიტომ არ დავიტოვეთ. ჩვენთვის პოლიტიკური ბოიკოტი არის პოლიტიკური ბრძოლის კანონით მონიჭებული ფორმა და საშუალება. ჩვენ ამ ბოიკოტში ვრჩებით. გასაგებია, რასაც ეუთო ამ შემთხვევაში გულისხმობს, მაგრამ ჩვენი გუნდი ამას თავის თავზე ვერ მიიღებს. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი ამომრჩევლის ნების პატივისცემას, მიუხედავად იმისა, რომ ლეგიტიმაციას ამ პარლამენტს არ ვანიჭებთ და ამის დასტური გუშინდელი სხდომა იყო, როდესაც „ოცნებამ“ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო და ამ ბოიკოტის მიუხედავად მანდატები გააუქმა. გააუქმა იმიტომ, რომ ყოველდღე ისეთ საცოდავ მდგომარეობაში არ ჩავარდნილიყო, როგორც გუშინდელ კომისიაზე ჩავარდა“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.
პორტუგალიაში, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ ღონისძიებაზე საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე საუბრისას ეუთო-ს გენერალურმა მდივანმა, ფერიდუნ სინირლიოღლუმ განაცხადა, რომ „პარლამენტში გქონდეს 40-პროცენტიანი წარმომადგენლობა და ამას არ იყენებდე, ნიშნავს, უსამართლოდ ეპყრობი ხალხს, ვინც აგირჩია. ეს არის საკითხი, რომელიც საქართველოზე საუბრისას უნდა შევისწავლოთ“.
1
0