
ბევრი პოლიტიკოსი და სახელმწიფო თანამდებობის პირი ამბობს, რომ მშვიდობა კარგია გაძლიერებისთვის, თუ დიდი სახელმწიფო ხართ, შეგიძლიათ, მშვიდობით მოიტანოთ გაძლიერება, მაგრამ თუ პატარა ქვეყანა ხართ, რას აკეთებთ? სწორედ ამაში მდგომარეობს პოლიტიკოსების, არჩეული ოფიციალური პირების სიბრძნე, რომ გაიაზრო არსებული ძალა, რომელიც ყველა ქვეყანას აქვს – ურთიერთდაკავშირება და თანამშრომლობა, – ამის შესახებ ევროპარლამენტის წევრმა რუმინეთიდან, კრისტიან ტერესმა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე განაცხადა.
კრისტიან ტერესს დისკუსიის ფარგლებში კითხვა დაუსვეს, „რას ნიშნავს რუმინეთისთვის გლობალური ვაჭრობის გადახალისება, გადააზრება და ახალი სტრუქტურით განვითარება“.
ტერესის თქმით, სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებმა, არჩეული თანამდებობის პირებმა ერთმანეთს უნდა გაუზიარონ ხედვა, თავი მოუყარონ იდეებს და იპოვონ გზები არა კონკურენციის, არამედ თანამშრომლობისთვის.
„ქალბატონო მაკა, ბევრჯერ შეგხვედრივართ პარლამენტში მუშაობისას. იმისათვის, რომ ვუპასუხო შეკითხვას, მგონი, ყველა ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია არჩეული თანამდებობის პირები, მიუხედავად იმისა, ეს ადამიანი ახლა საქართველოშია, რუმინეთშია თუ ნებისმიერ სხვა ადგილას. საბოლოო ჯამში, არა არასამთავრობო, სამეცნიერო-ანალიტიკური ორგანიზაციები, არამედ სწორედ არჩეული პირები იბრძვიან თავიანთი ქვეყნებისთვის. სწორედ ეს გააკეთა მაკა ბოჭორიშვილმა და ასე შევხვდით ჩვენ ევროპარლამენტში. განვიხილავდით საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებს, როგორ შეიძლება, გავაძლიეროთ ურთიერთობა საქართველოსა და ევროკავშირს შორის, რა გამოწვევების წინაშე დგას საქართველო, რა შემიძლია, გავაკეთო მე, რა შეგვიძლია, გავაკეთოთ ჩვენ და სხვა კოლეგებმა, რათა დავეხმაროთ საქართველოს და რა არის მნიშვნელოვანი.
არჩეული ოფიციალური და თანამდებობის პირების მნიშვნელობა არის განსაკუთრებული, რადგან ეს არის ხალხი, ვისაც შეუძლია, დაიწყოს ომი, მაგრამ ვისაც ასევე შეუძლია, დაამყაროს მშვიდობა. წინა პანელის განმავლობაში სამი პრემიერ-მინისტრი იყო, საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის. ორი მათგანი ერთმანეთს ებრძოდა რამდენიმე წლის წინ, მაგრამ ახლა ისინი აქ ისხდნენ, გადაკოცნეს კიდეც ერთმანეთი, მიულოცეს ერთმანეთს ის დიდი მიღწევები, რომლებიც მათ მართლაც განახორციელეს. ეს არის დიდი მიღწევა.
ჩვენ ვცხოვრობთ იმ პერიოდში, რომელიც ისტორიულია. თქვენ მეკითხებით რუმინეთის შესახებ. ვიტყოდი, რომ გაგვიმართლა, რადგან მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩვენ ვიყავით რკინის ფარდის მეორე მხარეს, მაგრამ რა ხდება დასავლურ სამყაროში? აქ უკვე მნიშვნელოვან როლს თამაშობს ისტორია. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ზუსტად პოლიტიკოსები იყვნენ ის ადამიანები, სახელმწიფო წარმომადგენლები საფრანგეთიდან, გერმანიიდან, იტალიიდან, ასევე ბელგიიდან, რომლებსაც, იმ ფაქტის მიუხედავად, რომ რამდენიმე წლის წინ ხოცავდნენ, ანადგურებდნენ ერთმანეთს, ეყოთ გამბედაობა, სიბრძნე, მოკრძალებულობა და გადაწყვიტეს, დამსხდარიყვნენ ერთ მაგიდასთან. იფიქრეს იმაზე, რა შეიძლება გავაკეთოთ, რათა ევროპას დავუბრუნოთ მშვიდობა. მილიონობით ადამიანი დაიღუპა ევროპაში მეორე მსოფლიო ომის დროს. საფრანგეთი და გერმანია ერთმანეთს ანადგურებდნენ, მაგრამ ამ საშინელი ფაქტის მიუხედავად, 1950 წლისთვის გერმანელმა, ფრანგმა პოლიტიკოსებმა მოახერხეს ერთად დასხდომა, შეიმუშავეს გეგმა, რომელიც შემდეგ განვითარდა და დღეს უკვე ვეძახით ევროკავშირს.
ამ კონტექსტში კეთილდღეობა არის მნიშვნელოვანი. ახლა ბევრი პოლიტიკოსი და ბევრი სახელმწიფო თანამდებობის პირი ამბობს, რომ მშვიდობა კარგია გაძლიერებისთვის, კი, თუ დიდი სახელმწიფო ხართ, შეგიძლიათ, მშვიდობით მოიტანოთ გაძლიერება, მაგრამ თუ პატარა ქვეყანა ხართ, რას აკეთებთ? პატარა ქვეყანა თუ ხარ, რომელსაც არ ჰყავს დიდი ჯარი, არ აქვს გასასვლელი ზღვაზე, რა უნდა გავაკეთოთ? სწორედ აქ არის სიბრძნე, სწორედ ამაში მდგომარეობს პოლიტიკოსების, არჩეული ოფიციალური პირების სიბრძნე, რომ გაიაზრო არსებული ძალა, რომელიც ყველა ქვეყანას აქვს – ურთიერთდაკავშირება და თანამშრომლობა.
სხვა ქვეყანასთან ბრძოლა კი არა, თანამშრომლობა – სწორედ ეს არის გარანტი, რომ მშვიდობა, კეთილდღეობა დამყარდეს. ჩვენი ისტორია ნამდვილად არ არის იდეალური, არავინ არის სრულყოფილი, მაგრამ დღეს მაინც უკეთეს მომავალზე ვზრუნავთ, რადგან ახლა შესაძლებლობა მივეცით სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელს, მოსულიყვნენ აქ, წარმოადგინონ თავიანთი იდეები, დიდ თუ პატარა ქვეყნებს როგორ შეუძლიათ ერთმანეთთან დაკავშირება, ურთიერთდაკავშირება, რათა ერთად იმუშაონ, ასევე მიაღწიონ მშვიდობას, კეთილდღეობას.
მე შეკითხვა დამისვით რუმინეთზე. რუმინეთი 180 გრადუსით შავი ზღვის მეორე მხარეს არის. საქართველო თუ არის კარიბჭე ცენტრალურ აზიასა და აზიას შორის, რუმინეთი არის კარიბჭე ევროკავშირსა და შენგენის ზონას შორის. თქვენ ცენტრალური აზიიდან თუ მოიტანთ რაიმე პროდუქტს რუმინეთის გავლით, თუ რუმინეთის საბაჟოს გაივლით, შემდეგ უკვე შეგიძლიათ გახვიდეთ შენგენის ზონამდე, პირდაპირ ევროკავშირში. ეს არის ძალიან დიდი მიღწევა. ამიტომ, ჩვენზე, სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებზე, ასევე არჩეულ თანამდებობის პირებზეა დამოკიდებული, სწორედ ამ ფორმატში ერთმანეთს გავუზიაროთ, რას ვფიქრობთ, ასევე თავი მოვუყაროთ ჩვენს იდეებს, შემდეგ ვიპოვოთ გზები არა კონკურენციის, არამედ თანამშრომლობისთვის“, – განაცხადა კრისტიან ტერესმა.
1tv- მასალა მომზადებულია სინქრონული თარგმანის მიხედვით.
1
0