
კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას გამოკითხვა დასრულდა. როგორც ბაჩო ახალაიამ თითქმის 8 საათიანი გამოკითხვის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, ძირითადი კითხვები აუდიო ჩანაწერს ეხებოდა.
„ძირითადად ეხებოდა იმ ვიდეო თუ აუდიო ჩანაწერს, ვის იცნობ, რას იცნობ, როდის გაიცანი. დიდხანს სვამდნენ კითხვებს, იმეორებდნენ, ამოწმებდნენ, ათანხმებდნენ. ეს ყველაფერი რას ნიშნავდა. ამდენი დრო არ სჭირდებოდა.
ძირითადი არსი იყო ჩანაწერი, სხვადასხვა ხმებია, სხვადასხვა სამყაროს ხმებია. მე დასამალი არაფერი მაქვს. კითხვები იყო ვის ვიცნობ, ვისთან ვახლობლობ და ასე შემდეგ. სასწრაფო არასერიოზული სიგიჟე იყო. ვერ მივხვდი რას ნიშნავდა. წავალ და გავერკვევი ანაზე [მეუღლეზე] რაშია საქმე“, - განაცხადა ბაჩო ახალაიამ.
შეგახსენებთ, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია შსს-ს კრიმინალურ დეპარტამენტში გამოკითხვაზე დღეს 13:00 საათზე მივიდა. საქმე 4 ოქტომბრის მოვლენებს ეხებოდა.
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში, მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს, ქ. თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, 2025 წლის 10 ოქტომბერს, 13:00 საათზე, მოწმის სახით გამოკითხვისა და ხმის ნიმუშის აღების მიზნით დაბარებულია 1980 წელს დაბადებული ბაჩანა ახალაია“, - ნათქვამია შსს- მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
0
0