16/11/2023
11:48
მსოფლიო
კრიმინალური ბანდების მიერ განხორციელებული ძალადობის გამო, ჰაიტის დედაქალაქ პორტ-ო-პრენსის საავადმყოფოდან პოლიციამ პაციენტების ევაკუაცია განახორციელა.
,,ფონტეინის ჰოსპიტალური ცენტრიდან 100-ზე მეტი პაციენტის გამოყვანა დაგვჭირდა, მათაგან თითქმის ნახევარი ბავშვია. ისინი საავადმყოფოში შეიჭრნენ და მძევლები აიყვანეს. საავადმყოფოს ტერიტორიაზე ბანდების ომი მიმდინარეობს. ირგვლივ სახლები დაიწვა. ზოგიერთმა ადამიანმა დამოუკიდებლად შეძლო შენობიდან გაქცევა, ზოგს - მათ შორის ქალს, რომელმაც წინა დღით საკეისრო კვეთით იმშობიარა - ადგილობრივი ხელისუფლების დახმარება დასჭირდა. ჩვენ ყველა პაციენტის უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა შევძელით,“ - განუცხადა საავადმყოფოს დირექტორმა ხოსე ულისემ სააგენტო France-Presse-ს.
საავადმყოფო სიტე სოლეილში მდებარეობს, სადაც კრიმინალური დაჯგუფების ლიდერის ისკარ ანდრიჩეს გარდაცვალების შემდეგ, ბოლო დღეებში არეულობის შესახებ ცნობები ვრცელდება. ამჟამად, ჰაიტი უკანონობის უპრეცედენტო დონის ტყვეობაშია.
როგორც პორტ-ო-პრენსში აცხადებენ, ამ მხარეში ძალადობის შემდგომი ზრდა მოსალოდნელია. ბანდებმა პორტ-ო-პრენსზე კონტროლი აიღეს მას შემდეგ, რაც 2021 წელს ქვეყნის პრეზიდენტის მკვლელობამ ჰაიტი პოლიტიკურ კრიზისში ჩააგდო.
გაეროს უახლესი მონაცემებით, ათასობით ჰაიტელმა სახლები დატოვა, ხოლო 2400-ზე მეტი დაიღუპა. კენიამ განაცხადა, რომ, ჰაიტიში წესრიგის აღდგენის მიზნით, 1000 პოლიციელს გააგზავნის.
0
0