28/10/2022
20:27
მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიისთვის მზადება დაიწყო, რომლის გამარჯვებულიც კიდევ ერთხელ ვლადიმერ პუტინი უნდა გახდეს, - ამის შესახებ რუსული გამოცემა Meduza ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
გამოცემის ცნობით, პუტინის ადმინისტრაციის შიდა პოლიტიკურმა ბლოკმა 2024 წლის საპრეზიდენტო კამპანიის შესახებ შეხვედრები დაიწყო. ასეთ შეხვედრებს ესწრებიან ოფიციალური პირები და პოლიტტექნოლოგები, რომლებიც კრემლთან თანამშრომლობენ.
წყაროები ირწმუნებიან, რომ მიმდინარე ეტაპზე კრემლის „კამპანია ვლადიმერ პუტინის ქვეშ იქნება“. გამოცემის ერთ-ერთმა თანამოსაუბრემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „სხვა კანდიდატებზე საუბარიც კი არ არის“.
დაგეგმილია, რომ პუტინის „სპარინგ პარტნიორები“ საპარლამენტო პარტიების წარმომადგენლები იქნებიან.
ამავდროულად, პუტინის ახალი საარჩევნო კამპანია „ანტიდასავლური“ ნარატივების გარშემო იქნება აგებული. პუტინი, როგორც ყოველთვის, ისაუბრებს „რუსეთის სიდიადეების დაბრუნებაზე, დასავლეთთან და მრავალპოლარულ სამყაროსთან ბრძოლაზე“, თუმცა, კრემლის საშინაო პოლიტიკურ ბლოკში მიაჩნიათ, რომ მოსახლეობის გამოხმაურება მსგავს ნარატივებზე მაღალი არ იქნება.
„ეს არის არა ის, რაც აწუხებს ამომრჩეველს, არამედ ის, რაც საინტერესოა თავად პრეზიდენტისთვის“, - აცხადებს გამოცემის წყარო.
გარდა ამისა, ანონიმური წყაროების ინფორმაციით, რუსეთის ხელისუფლება იმედოვნებს, რომ უკრაინაში ომი საპრეზიდენტო არჩევნებამდე დასრულდება. თუმცა, ზუსტად როგორ ჯერჯერობით უცნობია.
0
0