
გუშინ ცნობილი გახდა, რომ იდენტიფიცირებულია შოვში, სტიქიის ზონაში დაკარგული კოტე მაისურაძის ცხედარი.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა კოტე მაისურაძის დეიდაშვილმა, მარიტა გუტაშვილმა, რომელმაც სტიქიის ზონაში ოჯახის 9 წევრი (და-ძმა, დეიდა 2 შვილით და ბიძაშვილი - ახალგაზრდა ქალი 3 მცირეწლოვანი ბავშვით) დაკარგა.
კოტესთან ერთად სტიქიას მისი და, მარიამი და დედა, შორენა ბიჭაშვილი ემსხვერპლნენ.
კოტე მაისურაძის შესახებ სამძიმრის წერილს აქვეყნებს საქართველოს უნივერსიტეტი.
"საქართველოს უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ჩვენი კურსდამთავრებულის, კოტე მაისურაძის გარდაცვალების გამო. შოვის სტიქიამ, კოტეს სახით, კიდევ ერთი ახალგაზრდა, ენერგიით აღსავსე და ნიჭიერი ადამიანი წაგვართვა.
ამ ამბით სულით-ხორცამდე შეძრულები ვართ. ყველა ჩვენგანი, სტუდენტები, ლექტორები და თანამშრომლები დიდი თანაგრძნობით ვუსამძიმრებთ კოტეს ოჯახსა და ახლობლებს ამ უდიდესი დანაკარგის გამო" - ნათქვამია ინფორმაციაში.
სტიქიის ზონაში, ბოლო მონაცემებით, ნაპოვნია 27 ადამიანის ცხედარი, მათგან ორის იდენტიფიცირება ჯერ არ მომხდარა. საგანგებო სამსახურის თანამშრომლები და ჯარისკაცები 6 დაკარგულ ადამიანს ეძებენ.
0
0